Site icon Civil.ge

ცხინვალი აცხადებს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება ‘ბევრად არ განსხვავდება’ წინამორბედისგან

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ბევრად არ განსხვავდება მისი წინამორბედისგან.

„საქართველოს ხელისუფლება რეგულარულად გამოთქვამს ბრალდებებს წინა ხელისუფლების მისამართით იმაზე, რომ სწორედ ის, მიხეილ სააკაშვილის სახით, არის დამნაშავე იმაში, რაც მოხდა. საქართველოს ყოველი ახალი ხელმძღვანელი წინამორბედს ადანაშაულებს ყველა ცოდვაში, ცდილობს რა უკეთესად წარმოაჩინოს საკუთარი თავი“, – განაცხადა სეპარატისტული რეგიონის საგარეო უწყებამ 8 აგვისტოს ომის ხუთ წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც მან თბილისის აგრესია უწოდა სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ და რომელსაც, მისი თქმით, თბილისი კვლავ წარმოაჩენს, როგორც „ომს რუსეთსა და საქართველოს შორის“.

„საქართველოს ახალი ხელისუფლების კურსი ბევრად არ განსხვავდება მათი წინამორბედების პოლიტიკისგან. თბილისში კვლავ არ უნდათ აღიარონ არსებული რეალობები. ოსტატურად იყენებენ რა დასავლეთის ქვეყნების ფობიებს, რომლებიც ცივი ომის პერიოდის გადმონაშთია, საქართველო საკუთარ თავს რუსული მითიური აგრესიის მსხვერპლად წარმოაჩენს და ისევ და ისევ გამოთქვამს პრეტენზიებს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიწებზე“, – განაცხადა სამინისტრომ.  

„საქართველომ უარი უნდა თქვას საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციის და მანიპულირების გზით; მან ხელი უნდა მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას და სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია დაიწყოს. ეს სასაზღვრო რაიონებში დაძაბულობის მოხსნისა და ორ ქვეყანას შორის ნდობის დამყარებისთვის წინაპირობების შექმნას შეუწყობდა ხელს“, – განაცხადა სეპარატისტული რეგიონის საგარეო უწყებამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)