Site icon Civil.ge

თბილისის თქმით, საავტომობილო გადაზიდვებზე მოსკოვთან შეთანხმება მიღწეულია

თბილისმა განაცხადა, რომ მოსკოვთან მიღწეულია შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ქართველი და რუსი მძღოლების ჩართულობით საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების აღდგენის თაობაზე, რაც 2006 წლიდან არის შეწყვეტილი.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ 15 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ შეთანხმება 6-7 აგვისტოს საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღწეული.

ამ შეხვედრას, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ რუსეთში შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლები. შვეიცარია რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებს მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორმა ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

„საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურების შეჩერების გამო, ორ ქვეყანას შორის საავტომობილო გადაზიდვებით ძირითადად დაკავებულები არიან აზერბაიჯანის, თურქეთის და სომხეთის გადამზიდავები“, – განაცხადა ეკონომიკის სამინისტრომ.

სამინისტროს ცნობით, მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართველი და რუსი გადამზიდავების გააქტიურებას, რაც პოტენციურად წაახალისებს ორმხრივ ვაჭრობას.  

რუსეთში ღვინისა და მინერალური წყლის ექსპორტის განახლების შემდეგ, საქართველო ჩრდილოელი მეზობლისგან ემბარგოს მოხსნას ელის ასევე ხილსა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებზე. რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (როსსელხოზნადზორი) დელეგაცია ერთკვირიანი ვიზიტით სტუმრობს ამჟამად საქართველოს.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „პირველ ეტაპზე“ მხარეებმა გაცვალეს 500 ერთეული სატვირთო გადაზიდვის ნებართვა 2013 წლისათვის, რაც „საშუალებას მისცემს ქართველ გადამზიდველებს გადაზიდონ  ტვირთი რუსეთის მიმართულებით და მისი ტერიტორიის გავლით“.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადების თანახმად, ქართულმა მხარემ მოლაპარაკებების ფარგლებში „პრინციპულად დააყენა“ ქართველი მძღოლებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების აუცილებლობის საკითხი. „მიღწეული იქნა რუსული მხარის თანხმობა საკითხის უახლოეს მომავალში დადებითად გადაწყვეტის თაობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს ასევე რეგულარული საავტობუსო მიმოსვლის აღდგენის შესახებ საქართველოსა და რუსეთის ქალაქებს შორის, რაც 2006 წლიდან იყო შეწყვეტილი, ეკონომიკის სამინისტროს თანახმად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)