Site icon Civil.ge

ივანიშვილი მისი ოჯახის კუთვნილი მეცხრე არხის დახურვას გეგმავს

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი ოჯახის მფლობელობაში არსებული ტელეკომპანია მეცხრე არხი და საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“ პირველი  სექტემბრიდან დაიხურება, თუ მანამდე ამ კომპანიებს მყიდველი არ გამოუჩნდა.

წერილობით განცხადებაში, რომელიც 19 აგვისტოს მას შემდეგ გავრცელდა, რაც ცნობილი გახდა მეცხრე არხის მოსალოდნელი დახურვის შესახებ, ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მის ოჯახს ტელეკომპანიის მფლობელობა „დიდ უხერხულობას“ უქმნის, განსაკუთრებით კი მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როცა  „ჩვენმა ქვეყანამ დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი უნდა ჩააბაროს“.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მეცხრე არხისა და „ინფო 9“-ის თანამშრომელთა მიმართ პასუხისმგებლობის გამო, მათი მუშაობა ხელისუფლებაში მისი მოსვლიდან 10 თვის განმავლობაში გახანგრძლივდა, რა დროსაც ადგილი ჰქონდა მედიასაშუალებების გასხვისების მცდელობებს, თუმცა 16 აგვისტოს „ბოლო მყიდველმაც უარი გვითხრა“.

„დღეიდან, 19 აგვისტოდან 1–ელ სექტემბრამდე, კიდევ ვიტოვებთ დროს ამ მედიასაშულებების გასასხვისებლად. მყიდველს ამჯერად  საბაზრო ღირებულების მესამედ ფასად ვთავაზობთ ტელევიზიასა და საინფორმაციო სააგენტოს, თავისი მატერიალურ–ტექნიკურ ბაზით, იმ პირობით, რომ მყიდველი ამუშავებს ტელევიზიას და თანამშრომლები შეინარჩუნებენ სამსახურს“, – აცხადებს ივანიშვილი წერილობით განცხადებაში.

„თუ 1–ელ სექტემბრამდე არ გამოჩნდება მყიდველი, იძულებული გავხდებით, შევწყვიტოთ ტელეკომპანია „მე–9 არხისა“ და საინფორმაციო სააგენტო „ინფო 9“–ის მუშაობა“, – აცხადებს ივანიშვილი. 

ივანიშვილმა გასული წლის ოქტომბერში ხელისუფლების მოსვლის შემდეგ არაერთი განცხადება გააკეთა, რომ ეძებდა გზებს მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული მედიასაშუალებებისაგან გასამიჯნად.

„ყოველთვის მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ქვეყნის პირველ პირებს საკუთარი ტელევიზია არ უნდა ჰქონდეთ“, – აცხადებს ივანიშვილი 19 აგვისტოს, თუმცა იქვე ხაზს უსვამს, რომ ის და მისი ოჯახი არასოდეს ჩარეულან ტელევიზიის საქმიანობაში და „ჟურნალისტები მიუკერძოებლად და ობიექტურად აშუქებდნენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს“.

„დღეს, როცა ახლოვდება არჩევნები, მედიასაშუალებების ვალია ობიექტურად აშუქებდეს საარჩევნო პროცესს, ხოლო ხელისუფლება პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს უქმნიდეს თანაბარ პირობებს. სწორედ ამისთვის არის საჭირო ზემოაღნიშნული მედიასაშუალებების გასხვისება,  რათა ამომრჩეველს არ დარჩეს განცდა და არ შეექმნას აღქმა იმისა, რომ კოალიციის ლიდერის მფლობელობაში არსებული მედიასაშუალება კოალიციისავე კანდიდატს  სასათბურე პირობებს შეუქმნის და პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენებს მას“, – აცხადებს ივანიშვილი და დასძენს, რომ გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც „უალტერნატივო“ საპრეზიდენტო კანდიდატს უწოდებს „პრივილეგიების გარეშეც,  დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოიპოვებს გამარჯვებას“.

ტელეკომპანია მეცხრე არხმა მაუწყებლობა 2012 წლის 30 აპრილიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვით ადრე მისი თანამფლობელი მაშინდელი ოპოზიონერი ლიდერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე გახდა.

არხის თითქმის 16-თვიანი მაუწყებლობის თავზე ივანიშვილი 19 აგვისტოს წერილობით განცხადებაში განმარტავს, რომ თავის დროზე ტელევიზიის გახსნა იმ ვითარების საპირწონედ გადაწყვიტეს, რომელიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო შექმნილი, როცა „ნაციონალურ მაუწყებლებს ხელისუფლება აკონტროლებდა, ტელევიზიები მუშაობდნენ უზარმაზარი სახელისუფლებო წნეხის ქვეშ და მის რუპორად  იყვნენ ქცეული“.

ივანიშვილი მადლობას უხდის მეცხრე არხისა და „ინფო 9“-ის თანამშრომლებს საპარლამენტო არჩევნების დროს „გმირობის ტოლფასი“ საქმიანობისთვის.

„ინფო 9-ის  თანამშრომლებმა შეძლეს ჩემი ერთ–ერთი მთავარი იდეის განხორციელება – ტელეკამერებით წინ აღდგომოდნენ ნაციონალური მოძრაობის ზონდერბრიგადებს. ჩვენ არ დავზოგეთ სახსრები, ავიყვანეთ ძალიან ბევრი ჟურნალისტი და თითოეულ ზონდერს თითო კამერა დავუპირისპირეთ“, – ნათქვამია ივანიშვილის წერილობით განცხადებაში.

ამასთან, დახურვის შემთხვევაში, მეცხრე არხისა და „ინფო 9“-ის ყველა თანამშრომელს ივანიშვილი 2 თვის კომპენსაციის გადახდას პირდება.

ბიძინა ივანიშვილს 2003 წლის ვარდების რევოლუციამდე ჰქონდა იგივე სახელწოდების არხი საქართველოში, რომელიც 2004 წელს მოულოდნელად დახურა – ამ ნაბიჯს უკვე პოლიტიკაში მოსულმა ივანიშვილმა მისი „გამოუსწორებელი შეცდომა“ უწოდა

მეცხრე არხის მოსალოდნელი დახურვის შესახებ კომენტარი გააკეთა პრეზიდენტმა სააკაშვილმა: "საქართველოში რაც უფრო მეტი არხი იქნება, მე ვიქნები ბედნიერი იმიტომ, რომ ჩემ დროს გაიხსნა ყველაზე მეტი არხი".

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)