Site icon Civil.ge

საქართველოს გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში თავისი წვლილის შეტანა სურს

საქართველომ შესაძლოა გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში მიიღოს მონაწილეობა, იტყობინება  თავდაცვის სამინისტრო, რომლის ინფორმაციითაც, ეს საკითხი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასა და სამშვიდობო ოპერაციების საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს ედმონდ მულეტს შორის ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში 27 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე იქნა განხილული.

„ქართული მხარე შესაძლებლობას განიხილავს დამკვირვებლის სტატუსითა და  ასეულით გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ და იქვე დასძინა, რომ ამ მიზნით შეირჩევიან ოფიცრები, რომლებიც გაეროს სადამკვირვებლო კურსებს გაივლიან და ასევე სამხედრო დანაყოფი, რომელსაც შესაბამისი გადამზადება და აღჭურვა დასჭირდება. 

„ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს კონსულტაციები დაიწყოს გაეროს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტთან“, – ნათქვამია სამინისტროს პრეს-რელიზში.

ამჟამად, გაეროს ეგიდით 15 სამშვიდობო ოპერაცია მიმდინარეობს მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის დასავლეთ საჰარაში, მალიში; ჰაიტიზე; კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში; სუდანში დარფურისა და აბიეის რეგიონებში; სამხრეთ სუდანში; ლიბერიაში; კოტ-დ’ივუარში; კოსოვოში; კვიპროსზე; გაეროს სამხედრო დამკვირვებლები განთავსებულები არიან ასევე ჯამუსა და ქაშმირში, სადაც მონიტორინგს უწევენ ცეცხლის შეწყვეტის ხაზს ინდოეთსა და პაკისტანს შორის და ასევე რამდენიმე მისიაა განთავსებული ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის გოლანის მაღლობებსა და ლიბანში.

„გაეროს წარმომადგენლების მხრიდან გამოთქმული იყო დაინტერესება, რომ ქართული ქვედანაყოფები, თავიანთი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩაერთონ გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენი მისიის ხელმძღვანელობა  გაეროში უკვე დეტალურად განიხილავს  მისიის დეტალებს“, – განაცხადა გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ, რომელიც ასევე ესწებოდა გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრას.

ამასთან, მარტში მინისტრმა ალასანიამ გამოთქვა მზადყოფნა მალიში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო წვრთნის მისიაში საქართველოს ჩართვასთან დაკავშირებით.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)