Site icon Civil.ge

საპატრიარქო და მუსლიმთა ლიდერები მინარეთის დაბრუნების პირობებზე შეთანხმდნენ

საპატრიარქო და საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, რომლებიც მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ, ერთობლივად აცხადებენ, რომ  ადიგენის რაიონის სოფელ ჭელას მეჩეთიდან მოხსნილი მინარეთი სოფელში უნდა დაბრუნდეს და დასაწყობდეს, რათა არ მოხდეს მისი სადმე აღმართვა, ვიდრე რელიგიური ნაგებობების მშენებლობის საკანონმდებლო ბაზა არ მოწესრიგდება.

ერთობლივი განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც 29 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და მღვდელთმთავრებმა შეხვედრა გამართეს საქართველოს მუსლიმ რელიგიურ ლიდერებთან ხელისუფლების მიერ მინარეთის დემონტაჟის გამო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რასაც თან სდევს როგორც მუსლიმი თემის პროტესტი, ისე მართლმადიდებელი ჯგუფების გამოსვლები.

„საქართველოს საპატრიარქო აბსულუტურად ეთანხმება მართლმადიდებელი მრევლის სამართლიან პროტესტს მომხდართან დაკავშირებით“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს დღეს შეხვედრის შემდეგ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მამა დავით შარაშენიძემ გააცნო.

„ამასთან, ვითვალისწინებთ რა მუსლიმი მოსახლეობის განწყობასაც, მუსლიმთა სამმართველოსთან შეთანხმებით ვაცხადებთ შემდეგს: პირველი, მინარეთი დასაწყობდეს სოფელ ჭელაში ნეიტრალურ ადგილზე, დაილუქოს და იყოს დაცული სახელმწიფოს მიერ; მეორე, არ მოხდეს მისი სადმე აღმართვა, ვიდრე არ მოწესრიგდება საკანონმდებლო ბაზა და არ შედგება მოლაპარაკება საპატრიარქოსა და მუსლიმთა სამმართველოს შორის; მესამე, ეთხოვოს ხელისუფლებას დაიწყონ მუშაობა, რათა კანონით განისაზღვროს რელიგიური ნაგებობების მშენებლობის  მიზანშეწონილობისა და ნებართვის გაცემის საკითხი, რათა თავიდან იქნეს აცილებული რელიგიურ ნიადაგზე შფოთი და დაპირისპირება“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ამასთან, მივმართავთ როგორც ქრისტიან, ისე მუსლიმ მრევლს თავი შეიკავონ გამოსვლებისაგან, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ურთიერთპატივისცემა“, –  ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელმა ჯემალ პაქსაძემ განუცხადა საპატრიაქროში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს, რომ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ მინარეთი დაბრუნების შემდეგ სოფელ ჭელაში დასაწყობდეს. მისი თქმით, შემდეგ ეტაპზე, „ჩვენ იურისტებთან ერთად, სახელმწიფოსთან ერთად, რა თქმა უნდა მეუფეებთან ერთად გვექნება ურთიერთმოლაპარაკებები“ და „ურთიერთშეთანხმების შემდეგ მოვაგვარებთ დანარჩენ პროცედურებს“.

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ განაცხადა, რომ გაურკვევლობა გამოიწვია კომუნიკაციების ნაკლებობამ და "გარკვეული პირების ინტერესმა", რომ მოხდეს დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე.

„ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ დაპირისპირება მოხდეს მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის, ამიტომ შევეცდებით, რომ ჩვენ ვისაუბროთ მაქსიმალურად, ჩვენ გვქონდეს ერთმანეთთან შეკითხვები, გავცეთ ერთმანეთის შეკითხვებს პასუხი, მოვაგვაროთ საკითხები და შემდგომ ჩვენს მრევლს განვუმარტოთ", – განუცხადა მან მუსლიმ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს.  

საპატრიარქოში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიტროპოლიტი თეოდორე და ქორეპისკოპოსი იაკობი ახალციხეში გაემგზავრნენ იქ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებთან შესახვედრად, რათა მათთვის დაშლისკენ მოეწოდებინათ.

მათ შეაქეს აქციის მონაწილეები, რომლებსაც გადაკეტილი ჰქონდათ გზა, რათა არ დაეშვათ მინარეთის ჭელისკენ ტრანსპორტირება, და განუცხადეს, რომ მინარეთი აღარ აღიმართება.

„დღეს საოცარი დღე არის… თქვენმა აქ დგომამ, თქვენმა აქ ყოფნამ უდიდესი შედეგი გამოიღო“, – განუცხადა მეუფე თეოდორემ მომიტინგეებს ხუთშაბათს გვიან საღამოს.

მისი თქმით, შეთანხმება ასევე მოიცავს საპატრიარქოსა და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელთა ერთობლივი საბჭოს შექმნას, რომელიც იზრუნებს იმაზე, რომ „შემდგომში აღარ მოხდეს ასეთი მოქმედებები, რომლებიც გამოიწვევს ასეთ დაძაბულობას და ესკალაციას“.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მინარეთი აღარ დამონტაჟდება“, – განუცხადა მეუფე თეოდორემ აქციის მონაწილეებს, რომლებიც ტაშით შეხვდნენ მის ამ ნათქვამს.

თუმცა მომიტინგეებს საპირისპირო რეაქცია ჰქონდათ, როცა მეუფემ განუცხადა მათ, რომ მინარეთი კანონშესაბამისად თავის მესაკუთრეს დაუბრუნდება და სოფელ ჭელაში დასაწყობდება.  „ამ ტვირთმა უნდა გაიაროს და შევასრულოთ ის, რაც არის კანონიერი. ჩვენ უკანონოდ არ უნდა ვებრძოლოთ უკანონობას“, – განაცხადა მან.

„კანონმა თავის სიტყვა თქვა – უკანონოდ აშენებულს დემონტაჟი ჩაუტარდა, წაღებულ იქნა და ის არის კერძო პირის საკუთრება, ის დამონტაჟებით აღარ დამონტაჟდება, მაგრამ რომ არ დავუბრუნოთ კერძო საკუთრების მფლობელს, მაგიც არაკანონიერია“, – მიმართა მეორე მეუფემ, იაკობმა აქციის მონაწილეებს, რომლებმაც შეძახილებით „არა, არა“ მას გამოსვლა შეაწყვეტინეს. „გასაგებია თქვენი ‘არა’… ის [მინარეთი]აღარ აღიმართება იცოდეთ, გამორიცხულია რომ ის აღიმართოს, მაგის გარანტია მოცემულია… იმის გარანტიას გაძლევთ, რომ არ აღიმართება, ვიცით მაგი და იმიტომ“.

თავდაპირველი უარის შემდეგ, აქცია 29 აგვისტოს გვიან დაიშალა. 

მინარეთის დემონტაჟის ფორმალური მიზეზი გახდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ქმედება ექსპერტიზის მიზნით განახორციელა იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება მინარეთის კონსტრუქციის წონა და სასაქონლო კოდი იმ მონაცემებს, რომელიც 14 ივლისს საქართველოში მისი თურქეთიდან იმპორტის დროს საბაჟოზე იქნა დეკლარირებული. შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ გაუჩნდა „საფუძვლიანი ეჭვი“, რომ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული საქონლის არასწორ კლასიფიცირებას შესაძლოა იმპორტის გადასახადის ოდენობის შემცირება გამოეწვია.

29 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ დაასრულა მინარეთის სასაქონლო ექსპერტიზა, რის შედეგადაც გამოვლინდა დარღვევები და ახლა ის მესაკუთრეს "უბრუნდება".

რვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ 29 აგვისტოს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მინარეთის დემონტაჟი იყო „უკანონო“ და მთავარ პროკურატურას ამ ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)