საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ ვილნიუსში ნოემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე საქართველოს ევროკავშირისგან „მკაფიო განცხადება“ სჭირდება იმის თაობაზე, რომ „ევროპული პერსპექტივა“ ღიაა საქართველოსთვის.
7 სექტემბერს რიგის კონფერენციაზე გამოსვლისას ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ თავდაპირველი სკეპტიციზმის მიუხედავად, საქართველომ დააკმაყოფილა ყველა კრიტერიუმი იმისათვის, რომ ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოხდეს.
„რადგანაც ჩვენი საშინაო დავალება შევასრულეთ, ახლა ევროკავშირისგან გვჭირდება აღიარება და სიგნალი, რომ ჩვენც ისევე მნიშვნელოვანი ვართ ევროკავშირისთვის, როგორც ევროკავშირია ჩვენთვის, ამას ველით ვილნიუსში. ამ სიგნალის გარეშე, ეს ნამდვილად დაკარგავს თავის მნიშვნელობას“, – განაცხადა მან.
„ჩვენ გვჭირდება მკაფიო განცხადება ვილნიუსში, რომ ევროპული პერსპექტივა შესაძლოა გაიხსნას ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა“, – დასძინა ფანჯიკიძემ.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო უნდა განიხილებოდეს არა როგორც ევროპის მეზობელი, არამედ როგორც ევროპელი მეზობელი.
ფანჯიკიძემ ასევე განაცხადა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტში საქართველო მოიხსენიება როგორც „აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა“, ნაცვლად „ევროპული ქვეყნისა“, რადგანაც ევროკავშირის „ზოგიერთმა“ წევრმა ჩათვალა, რომ ამ უკანასკნელი სახელის ჩაწერით „წევრობის დაპირების“ შთაბეჭდილება შეიქმნებოდა.
„მაგრამ ვილნიუსში ჩვენ გვჭირდება მკაფიო გზავნილი, რომ იმ ქვეყნებს, რომელთაც ევროკავშირში ინტეგრირება სურთ და საკუთარ თავს ევროპულ ქვეყნებად მიიჩნევენ, გააჩნიათ პერსპექტივა და შეიძლება განიხილებოდნენ, როგორც ევროპული ქვეყნები“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)