Site icon Civil.ge

ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩები საქართველოს სტუმრობენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩები 29 სექტემბერს – 1 ოქტომბერს საქართველოს სტუმრობენ.
 
პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ევროკავშირის ელჩები თითოეული წევრი სახელმწიფოდან და ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლები, საერთაშორისო უსაფრთხოების და კრიზისული სიტუაციების მონიტორინგს ახორციელებს ევროკავშირის რეაგირების ვარიანტების მოსამზადებლად.

კომიტეტის ელჩები შეხვდებიან პრეზიდენტ სააკაშვილს, პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს, სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკუთხებში პაატა ზაქარეიშვილს, პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს და ქართველ დეპუტატებს, ასევე თბილისში მოქმედ ელჩებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან. ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება ევროკავშირის ელჩების დელეგაციის მიერ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) საველე ოფისისა და „ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის მონახულება“, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ეს უკვე კომიტეტის ელჩების მეორე ვიზიტია საქართველოში; პირველი ასეთი ვიზიტი 2009 წლის ნოემბერში გაიმართა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)