პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და მისი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში „დამაჯერებელი“ გამარჯვების საჭიროებაზე ისაუბრეს ქართული ოცნების ცენტრალურ შტაბთან ახალგაზრდებთან კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ერთი წლის წინ, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას მიეძღვნა.
„არ შევრცხვეთ ქართველები. მოვიდეთ და დამაჯერებლად გავიმარჯვოთ 27 ოქტომბერს… ძალიან გთხოვთ, როგორც მაშინ [საპარლამენტო არჩევნებზე], ისე ახლაც, გასაგებია, რომ ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ, მაგრამ წინ გვაქვს ძალიან ბევრი ასაშენებელი, ძალიან ბევრი გასაკეთებელი და ჩვენ უნდა დაჯერებულად გავიმარჯვოთ, რომ არავითარი საეჭვო არ დარჩეს და არავის კითხვის ნიშანი არ გაუჩნდეს“, – განაცხადა ივანიშვილმა 1 ოქტომბერს თავის გამოსვლაში და დასძინა, რომ არჩევნებს მთავრობა „ორგანიზებულად“ ჩაატარებს.
„საქართველოში შევქმნით პრეცენდენტს, რომ ჩატარდება ევროპული არჩევნები. არა ევროპული ტიპის, არამედ ევროპული არჩევნები და დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ“, – განაცხადა მან და მხარდამჭერებს არჩევნებზე მაღალი აქტივობისკენ მოუწოდა.
გიორგი მარგველაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ ახალი მთავრობა წინა ხელისუფლებისგან იმითაც განსხვავდება, რომ მოკრძალებულად აღნიშნავს საპარლამენტო არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის წლისთავს.
„ჩვენი ორგანიზებულობა და სიმშვიდე არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცნაირად მუხტი უნდა დავაგდოთ. ის რაც ნელ-ნელა იწევა და მაღლა მიდის, ის კიდევ უფრო აქტიური უნდა გახდეს და ეს გამარჯვება უნდა იყოს უაღრესად დამაჯერებელი, რომ ის ინერცია, ის იმპულსი, რაც ავიღეთ, კიდევ უფრო დამაჯერებელი უნდა გახდეს და მომავალი წელი იყოს მართლა ერთიანი მუშაობის წელი მთავრობის, პარლამენტის და პრეზიდენტის“, – განაცხადა ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)