Site icon Civil.ge

ნატო რუსეთს საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვრებზე ბარიერების მოხსნისკენ მოუწოდებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია სეპარატისტული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან რუსეთის მიერ ღობეების და სხვა ბარიერების აღმართვის გამო და მათი დემონტაჟისკენ მოუწოდებს. 

„ეს წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებთან და ხელს არ უწყობს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა 2 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში.

„ამას ადგილზე არსებულ ვითარებაზე უარყოფითი ზეგავლენა აქვს და გავლენას ახდენს საქართველოს იმ მოქალაქეების ცხოვრებაზე, რომლებიც ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს ცხოვრობენ. მე მოვუწოდებ ამ ბარიერების მოხსნისკენ“, – აცხადებს რასმუსენი. 

„ნატოს პოზიცია არის ძალიან ნათელი. როგორც ჩიკაგოს სამიტზე გაცხადდა, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)