Site icon Civil.ge

2014 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მონაცემები

მთავრობამ პარლამენტს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა, რომლის საშემოსავლო ნაწილიც 7.379 მლრდ ლარს, ხოლო ხარჯები – 7.482 მლრდ ლარს შეადგენს.

მიმდინარე წელს საბიუჯეტო შემოსავლების გეგმა 7.422 მლრდ ლარია, ხოლო ხარჯების პროგნოზი 7.248 მლრდ ლარს შეადგენს.

2014 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საგადასახადო შემოსავლების სახით 6.95 მლრდ ლარის მობილიზებაა დაგეგმილი, რაც 30 მლნ ლარით აღემატება წელს დაგეგმილ პარამეტრს; გრანტების სახით მთავრობა 129.8 მლნ ლარის მიღებას გეგმავს მომავალ წელს – მიმდინარე წელს გრანტების ოდენობა 202.5 მლნ ლარია; ხოლო სხვა შემოსავლების სახით, წლევანდელის მსგავსად, 2014 წელსაც, 300 მლნ ლარის მობილიზება იგეგმება, საიდანაც 100 მლნ ლარი კვლავ ჯარიმებსა და საურავებზე მოდის.

2014 წელს ბიუჯეტის ხარჯვითი პრიორიტეტები კვლავ ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება მაშინ, როცა ძალოვანი უწყებების დაფინანსება არ გაიზრდება.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2014 წელს სამინისტროები შემდეგი ოდენობის დაფინანსებას მიიღებენ:

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, პარლამენტის მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსება მომავალ წელს ნახევარი მილიონი ლარით შემცირდება და 59.5 მლნ ლარს შეადგენს; პრეზიდენტის ადმინისტრაცია 9 მლნ ლარს მიიღებს, რაც 20 ათასი ლარით მეტია წლევანდელ დაფინანსებაზე; მთავრობის კანცელარიისთვის კი წლევანდელზე ოდნავ მეტი, 10 მლნ ლარია გათვალისწინებული.

ამასთან, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მომავალ წელს განახევრდება და 5 მლნ ლარს შეადგენს მაშინ, როცა მთავრობის სარეზერვო ფონდი კვლავ 50 მლნ ლარის მოცულობის დარჩება.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის 250 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც თითქმის 200 მლნ ლარით ნაკლებია წლევანდელ დაფინანსებაზე; სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის კი კვლავაც 50 მლნ ლარი გამოიყოფა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მომავალ წელს 54.5 მლნ ლარს მიიღებს, საიდანაც 28 მლნ ლარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას მოხმარდება.

მნიშვნელოვნად გაიზრდება საქსტატის დაფინანსება არსებული 4.5 მლნ ლარიდან 15 მლნ ლარამდე, საიდანაც 8.8 მლნ ლარი მომავალ წელს დაგეგმილ მოსახლეობის საყოველთაო აღწერას მოხმარდება.

სახალხო დამცველის აპარატის დაფინანსება 280 ათასი ლარით გაიზრდება 2014 წელს და 2.380 მლნ ლარს შეადგენს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ასევე გაზრდილ დაფინანსებას მიიღებს, რომელსაც პროექტის თანახმად, საბიუჯეტო თანხები 38 მლნ ლარამდე გაეზრდება წელს გათვალისწინებული 31.8 მლნ ლარიდან.

საქართველოს საპატრიარქო, 2013 წლის მსგავსად, მომავალ წელსაც 25 მლნ ლარით დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

სასამართლო სისტემის დაფინანსებაში წლევანდელთან შედარებით არავითარი ცვლილება არ არის მოცემული მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში და შესაბამისად, მასში არ ასახულა ის დაპირება, რომელიც მთავრობამ გასცა სასამართლო სისტემაში ხელფასების ზრდის თაობაზე.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ყველა გუბერნიას ეზრდება რამდენიმე ათასი ლარით საბიუჯეტო დაფინანსება.

ამასთან, ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებზე გასაცემი ტრასფერების ჯამური რაოდენობა, მომავალ წელს 795.9 მლნ ლარამდე გაიზრდება, წელს არსებული 769.7 მლნ ლარიდან.

თუმცა თბილისისთვის გათვალისწინებული ტრანსფერის ოდენობა მომავალ წელს დაახლოებით, 50 მლნ ლარით შემცირდება და 398 მლნ ლარს შეადგენს. თბილისის მერმა გიგი უგულავამ მთავრობა გააკრიტიკა ამ შემცირების გამო, რომელიც, მისი თქმით, დედაქალაქში „სადამსჯელო ღონისძიებას“ იმის გამო ახორციელებს, რომ თბილისს კვლავ ნაციონალური მოძრაობა მართავს.

ამასთან, ბიუჯეტის პროექტი ეყრდნობა მთავრობის გათვლას იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5% იქნება. წელს, ბიუჯეტის თანახმად, მშპ-ს ზრდის პროგნოზი 6%-ია მაშინ, როცა „საქსტატის“ მონაცემებით, 2013 წლის პირველ რვა თვეში მშპ-ს საშუალო რეალურმა ზრდამ 1.6% შეადგინა.

ბიუჯეტის პირველადმა პროექტმა საპარლამენტო განხილვების შედეგად შესაძლოა გარკვეული კორექტივები განიცადოს იქამდე, ვიდრე მას დეპუტატები წლის ბოლომდე კენჭს უყრიან.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)