Site icon Civil.ge

თბილისი მოსკოვის მიერ სოჭის ოლიმპიადის „პოლიტიზირების“ მცდელობას აპროტესტებს

მთავრობა აცხადებს, რომ „შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით“ უპასუხებს, თუ საბოლოოდ დარწმუნდება, რომ რუსეთი 2014 წლის სოჭის ოლიმპიადას საქართველოს წინააღმდეგ „პოლიტიკური მიზნებისთვის“ იყენებს. 

7 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, სადაც აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ რუსეთმა ოლიმპიადის ერთ-ერთ მეჩირაღდნედ რუსეთ-საქართველოს „2008 წლის აგვისტოს ომის გმირი მფრინავი“ შეარჩია. ივან ნეჩაევმა, რომელმაც რუსეთის გმირის წოდება საომარი მოქმედებების დროს დაზიანებული თვითმფრინავის პილოტირების გამო მიიღო,  ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის ესტაფეტა კრემლის ტერიტორიაზე დაასრულა და ერთ-ერთია იმ 13 990 მეჩირაღდნიდან, რომლის ხელშიც გაივლის ოლიმპიური ცეცხლი სოჭში ჩატანამდე.

„ცხადია, ყველა სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა თავად აირჩიოს გმირები, მაგრამ ასევე ცხადია, რომ მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობის მოწესრიგების მსურველი ქვეყანა ასე გამომწვევად არ მოიქცევა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

მთავრობის განცხადებით, საქართველოს ოკუპაციის ფონზე „უკიდურესად რთული მისაღები“ იყო სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა  მთავრობის მხარდაჭერით „საქართველო-რუსეთის  ურთიერთობის თანამიმდევრული მოწესრიგების მნიშვნელობიდან გამომდინარე მიიღო“.

„ვთვლიდით და ახლაც  ვთვლით, რომ ჩვენს სახელმწიფოებს  შორის ურთიერთობის მოწესრიგება ორივე ქვეყნის მოქალაქეებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ რთულ გზაზე კი, აუცილებელია ურთიერთობის ისეთი სფეროების გამოკვეთა, რომლებიც ნაკლებად წინააღმდეგობრივია და ასევე ნაკლებად უკავშირდება საქართველო-რუსეთის ძირითად პრობლემებს. ასეთებად ჩვენ მივიჩნიეთ კულტურას, ვაჭრობას, სატრანსპორტო კავშირებს, ტურიზმსა და სპორტს“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში. 

„სამწუხაროდ, რუსეთის  მხრიდან საქართველოს კეთილი ნება ჯერ კიდევ ვერ ან არ არის სათანადოდ შეფასებული და შეიმჩნევა საპირისპირო ტენდენციები“, – აცხადებს მთავრობა, „ მაშინ, როდესაც ჩვენი სურვილია ოლიმპიური თამაშების დეპოლიტიზაცია და მონაწილეობის მიღება ჯანსაღ სპორტულ შეჯიბრებაში, რადგან ოლიმპიური იდეა სწორედ მშვიდობასა და თანამშრომლობას ემსახურება, მეორე მხარე  სწორედ პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობს მის გამოყენებას“.

მთავრობა აქვე ხაზს უსვამს, რომ მისი „ყურადღების მიღმა არც ის რჩება, რომ სოჭის ოლიმპიადასა  და საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრებით მწვავდება საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად“.

„საქართველოს მთავრობა ამ კუთხით ინტენსიურად მუშაობს საერთაშორისო საზოგადოებასთან – პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ამავე  დროს საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ერთგულია რუსეთთან ურთიერთობის  მოწესრიგების არჩეული – თანამიმდევრული კურსის“, – ნათქვამია განცხადებაში. 

„ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩვენ დღეიდან განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით  სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო  ღონისძიებებს. თუ საქართველო საბოლოოდ დარწმუნდება, რომ  ხდება სპორტული თამაშების  ზედმეტი პოლიტიზაცია და მისი მიზანმიმართული გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ხელისუფლება  ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ღირსებისა და ინტერესების  დასაცავად შესაბამის პოლიტიკურ  გადაწყვეტილებებს მიიღებს“, – აცხადებს მთავრობა. 

„იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური  კომიტეტის მესვეურები და ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების  მთავრობები სათანადო ყურადღებას დაუთმობენ ასეთ მნიშვნელოვან  საკითხებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ერთ–ერთ მეჩირაღდნედ ნეჩაევის შერჩევასთან დაკავშირებით მოსკოვის გადაწყვეტილების კომენტირებისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 6  ოქტომბერს, რომ „პუტინი არ გაუშვებს არც ერთ შანსს, რომ მაქსიმალურად დაგვამციროს, მისი რუსული იმპერიული არასრულფასოვანი კომპლექსიდან გამომდინარე ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოს თავი უბრალოდ ჩააყოფინონ ტალახში“. მისი თქმით, საქართველოს მონაწილეობა „ამ პროპაგანდისტულ ღონისძიებაში ძალიან, ძალიან საკამათოა“ და ამ გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)