Site icon Civil.ge

ფანჯიკიძე ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ბერლინში 7 ოქტომბერს თავის გერმანელ კოლეგას გიდო ვესტერველეს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის, საქართველოს საგარეო უწყების თანახმად, ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე.

„ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ რუსეთის თემაზე, განსაკუთრებით ბოლოდროინდელ მოვლენებზე და რადგან გერმანელებს ტრადიციულად კარგი ურთიერთობა აქვთ რუსეთთან, მე მათ ვთხოვე, რომ გავლენა მოახდინონ იმ პროცესებზე, რაც ახლა ყველას აღელვებს საქართველოში", – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ გაგრძელდება და „კიდევ უფრო გაძლიერდება“, რათა საქართველომ თავის მიზნებს მიაღწიოს.

„უახლოესი მიზნებს კი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება და ვილნიუსის სამიტი წარმოადგენს. გერმანიის მხარემ დამიდასტურა ამ ქვეყნის სურვილი, რომ ვილნიუსის სამიტი იყოს წარმატებული არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთოდ, ევროკავშირისთვის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

საუბრები „შეეხო საქართველოში და რეგიონში არსებულ ვითარებას, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობების გაძლიერებას“, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც მალე დატოვებს თავის თანამდებობას.

„ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპასთან დაახლოებას“, – აღნიშნა მან.

გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ასევე შეხვდა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერალური კანცლერის მრჩეველს კრისტოფ ჰოისგენს.

ფანჯიკიძე გერმანიიდან ავსტრიაში გაემგზავრება, სადაც 10 ოქტომბერს სიტყვით მიმართავს ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)