პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უშიშროების საბჭოს მოწვევის თაობაზე პრეზიდენტ სააკაშვილის დღევანდელი შეთავაზების საპასუხოდ განაცხადა, რომ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ „მორიგ პიარ-მასკარადში“ მონაწილეობის სურვილი არ აქვს.
წერილში, რომლის ადრესატიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვია, უსუფაშვილი აცხადებს, რომ გაეცნო მის „საჯარო განცხადებას“, რომლითაც „მაცნობეთ პრეზიდენტის თხოვნა შაბათს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მცოცავი ოკუპაციისა და სოჭის ოლიმპიადის საკითხების განხილვის თაობაზე“.
„საჯაროდვე გთხოვთ, გადასცეთ ბატონ პრეზიდენტს, რომ უშიშროების საბჭოს ამ სხდომაზე დასწრებით მონაწილეობის მიღება მომიხდება მის მიერ ორგანიზებულ მორიგ პიარ-მასკარადში, რომელიც გამოიწვევს უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტების (საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს უშიშროების საბჭო) შემდგომ დისკრედიტაციას და სერიოზული სახელმწიფოებრივი საკითხებისადმი (მცოცავი ოკუპაცია, მოქალაქეების უსაფრთხოება) არასერიოზული დამოკიდებულების დემონსტრირებას“, – აცხადებს უსუფაშვილი.
„ამის სურვილი არ მაქვს, ვერ გეახლებით და თავადაც გირჩევთ, დაფიქრდეთ…“, – ნათქვამია მისი წერილის დასასრულს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)