საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ მიიღებს მონაწილეობას უშიშროების საბჭოს სხდომაში, რომლის მოწვევაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობას 9 ოქტომბერს შესთავაზა „მცოცავი ოკუპაციისა“ და „სოჭის ოლიმპიადის საკითხების განხილვის“ მიზნით.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ მიიღებს მონაწილეობას უშიშროების საბჭოს სხდომაში, რადგან ეს არის პრეზიდენტის პიარაქცია“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მოკლე განცხადებაში, „საქართველოს მთავრობა დაკავებულია ამ საკითხების რეალური მოგვარებით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ“.
უშიშროების საბჭოს სხდომა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ორჯერ იქნა მოწვეული და არცერთ მათგანში ივანიშვილს მონაწილეობა არ მიუღია.
პრემიერ-მინისტრის მსგავსად, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ასევე უარი განაცხადა სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ „მორიგ პიარ-მასკარადში“ მონაწილეობაზე.