საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ 17-18 ოქტომბერს სატელევიზიო დებატებს უმასპინძლებს საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის.
მაუწყებლის მიერ 9 ოქტომბერს განცხადებაში ნათქვამია, რომ დებატებში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები ანუ ის კანდიდატები, რომლებიც საბიუჯეტო დაფინანსების მქონე პარტიებმა წარადგინეს.
ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებელი მზადყოფნას გამოთქვამს კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიაროს ის კანდიდატი, რომელიც 12 ოქტომბრამდე წარუდგენს დოკუმენტაციას, რომ ის არჩევნების წელს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული არანაკლებ 5 გამოკითხვის ან არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგების შესაბამისად სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4%-ის მხარდაჭერით.
საარჩევნო კოდექსის ამ მუხლზე მითითებით, ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ, რომელსაც ბოლო კვლევების მიხედვით სულ ცოტა 5%-იანი მხარდაჭერა აქვს, უკვე მიმართა ცესკოს კვალიფიციურ სუბიექტად აღიარების შუამდგომლობით.
ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ გამომდინარე იქიდან, რომ მას არცერთ წინა არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, რათა სულ ცოტა 3%-იანი შედეგი მიეღო საბიუჯეტო დაფინანსების მოსაპოვებლად, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსით არ სარგებლობს – ეს სტატუსი საპრეზიდენტო კანდიდატს უფასო სატელევიზიო რეკლამით სარგებლობის პრივილეგიასაც ანიჭებს.
პრეზიდენტობის 23 დარეგისტრირებულ კანდიდატს შორის მხოლოდ შვიდია კვალიფიციური სუბიექტი. ესენი არიან: გიორგი მარგველაშვილი – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო; დავით ბაქრაძე – ნაციონალური მოძრაობა; გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა; კობა დავითაშვილი – ხალხის პარტია; ზურაბ ხარატიშვილი – საქართველოს ევროპელი დემოკრატები; სერგო ჯავახიძე – სამართლიანი საქართველოსთვის; თეიმურაზ მჟავია – ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)