თავისი აზერბაიჯანელი კოლეგისთვის, ილჰამ ალიევისთვის გაგზავნილ წერილში, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მას მესამე ვადით გამარჯვება მიულოცა ოთხშაბათის საპრეზიდენტო არჩევნებში.
„ძვირფასო მეგობარო“, – ამბობს სააკაშვილი 10 ოქტომბერს ალიევისთვის გაგზავნილ წერილში. „ეს არის სრულიად დამსახურებული ისტორიული გამარჯვება“.
„ეს გამარჯვება, მიუხედავად აზერბაიჯანის მტრების ყველა ხრიკისა, არის იმ ფანტასტიკური პროგრესის დაგვირგვინება, რომელსაც თქვენი ხელმძღვანელობით მიაღწია აზერბაიჯანმა. ეს დააფასა აზერბაიჯანელმა ხალხმა და დააფასებს ისტორიაც“.
„ეს გამარჯვება ძალზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობისთვის, არამედ მთელი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის და გარდამტეხი ფაქტორია მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის. ის, რასაც თქვენ მიაღწიეთ აზერბაიჯანელი ხალხისთვის, იმედს აძლევს ქართველ ხალხსაც და ყველა თავისუფლებისმოყვარე ერს რეგიონში“, – წერს სააკაშვილი და დასძენს, რომ იგი დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანს და საქართველოს შორის „სტრატეგიული პარტნიორობა“ კვლავაც ნაყოფიერად განვითარდება.
იმავდროულად, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც მისალოცი წერილი ხუთშაბათს გაგზავნა აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახელზე, 11 ოქტომბერს სატელეფონო საუბარი გამართა ილჰამ ალიევთან.
"ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისა და განვითარების საქმეში წარმატება უსურვა. მხარეებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვეს", – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის პრეს-რელიზში.
ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა ასევე მიულოცა აზერბაიჯანის პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება. თავის მისალოც წერილში მან განაცხადა, რომ „საერთო სახალხო მხარდაჭერის შედეგები თქვენი მაღალი ავტორიტეტის და პატივისცემის დამაჯერებელი დამამტკიცებელი საბუთია“.
„დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანელი ხალხის არჩევანი ქვეყანას კიდევ უფრო მეტ მიღწევებს, წარმატებას, აყვავებას და მშვიდობას მოუტანს“, – წერს მარგველაშვილი, „გვჯერა, რომ თქვენი მომავალი მოღვაწეობა კიდევ უფრო გააძლიერებს აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხების ისტორიულ ძმობას, განამტკიცებს მშვიდობას და კეთილდღეობას ჩვენს ქვეყნებში, მთლიანად რეგიონში“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)