Site icon Civil.ge

ნაციონალური მოძრაობა წულუკიანთან დაპირისპირების გამო უწყებათაშორისი კომისიის სხდომებზე დასწრების აზრს ვერ ხედავს

ნაციონალურმა მოძრაობამ 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ „სრულიად აზრს მოკლებულია“ და „შეურაცხმყოფელია“ მისი წარმომადგენლის მონაწილეობა სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისო კომისიის მუშაობაში მის ხელმძღვანელთან, იუსტიციის მინისტრთან თეა წულუკიანთან დაპირისპირების გამო.

თუმცა პარტიამ ასევე განაცხადა, რომ ის მაინც განაგრძობს როგორც კომისიის, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წერილობით ინფორმირებას სხვადასხვა საარჩევნო დარღვევების შესახებ.

თეა წულუკიანმა ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას „სამწუხარო“ უწოდა და მას კომისიის ფორმატში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

„ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა უწყებათაშორისი საბჭოდან გასვლით აზიანებს საკუთარ კანდიდატს და აზიანებს იმ ამომრჩეველს, რომელიც შეიძლება მხარს უჭერდეს დავით ბაქრაძეს“, – განაცხადა წულუკიანმა 12 ოქტომბერს.

„ამიტომ მე პირველ რიგში მინდა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ვურჩიო, რომ ეს მდგომარეობა რაც შეიძლება მალე გამოასწოროს და დააბრუნოს თავისი პარტია იქ, სადაც ჩვენ ვიხილავთ კანდიდატებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს“, – აღნიშნა მან.

ამ განცხადებებს წინ უძღოდა 11 ოქტომბერს უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელიც ურთიერთბრალდებებით წარიმართა თეა წულუკიანსა და კომისიაში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, დეპუტატ თინათინ ბოკუჩავას შორის. სიტყვიერი დავა გამოიწვია ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ყრილობის წინ შექმნილი პრობლემების თაობაზე კომისიის ინფორმირების საკითხმა.

წულუკიანის თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ, ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ კომისია ჩაეყენებინა საქმის კურსში, ყრილობისთვის მხარდამჭერთა ტრანსპორტირების თაობაზე შექმნილი პრობლემის შესახებ ინფორმაცია საქართველოში “ ერთ-ერთ საერთაშორისო წარმომადგენლობას“ მიაწოდა, რომელმაც თავის მხრივ კომისიის ინფორმირება მოახდინა და ამის შემდეგ, წულუკიანის თქმით, „მყისიერი რეაგირება“ მოხდა და „ვითომდა პრობლემები“ მოგვარდა. მან ნაციონალური მოძრაობა „საბოტაჟში“ დაადანაშაულა.

ამასთან, სხდომაზე დამსწრე ზოგიერთი დამკვირვებლის ინფორმაციით, ბოკუჩავამ კამათის დროს წულუკიანს განუცხადა, რომ მისი მიზანი ნაციონალური მოძრაობის განადგურება იყო, რაზეც კომისიის თავმჯდომარემ საპასუხოდ ჩაილაპარაკა, რომ მან ეს უკვე გააკეთა.

„მიგვაჩნია, რომ უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარისა და იუსტიციის მინისტრის ეს განცხადება წარმოადგენს ღია დეკლარაციას იმისა, რომ ის თავის ფუნქციას ხედავს არა თავისუფალი და სამართლიანი არჩვენების ხელისშეწყობაში, არამედ მთავარი ოპოზიციური პარტიის დევნასა და შევიწროვებაში“, – განაცხადა ნაციონალურმა მოძრაობამ.

ეს არ არის წულუკიანსა და ნაციონალურ მოძრაობის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების პირველი შემთხვევა კომისიის სხდომებზე, რომლებიც მედიისთვის დახურულია. სექტემბერში ნაციონალურმა მოძრაობამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ მას შესაძლოა კომისიის ფორმატი დაეტოვებინა.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელის ნინო ლომჯარიას განცხადებით, რომელიც ესწრებოდა უწყებათაშორისო კომისიის ბოლო სხდომას, სიტყვიერი შელაპარაკების ინციდენტებს ხშირად აქვს ადგილი, რაც მისი თქმით, „ჩრდილს და ზიანს“ აყენებს კომისიის საქმიანობას, რომელიც „საკმაოდ ეფექტურია დარღვევებზე რეაგირებისა და კონკრეტული რეკომენდაციების“ გაცემის კუთხით.

„თეა წულუკიანმა, როგორც კომისიის თავმჯდომარემ, თავი უნდა შეიკავოს არაკონსტრუქციული და არასაქმიანი კონფრონტაციისა და კამათისაგან, რაც არ შეეფერება ამ ფორმატს“, – განუცხადა ლომჯარიამ Civil.ge-ს, „თავმჯდომარის ამგვარი საქციელი აზიანებს მის მიერ გაკეთებულ საჭირო საქმეს და მას მხარედ წარმოაჩენს“.

საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო უარყოფითად აფასებს ნაციონალური მოძრაობის მიერ კომისიის შესაძლო დატოვების ფაქტს. 

„უწყებათაშორისი კომისია არის მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც უნდა იყოს მიმართული წინასაარჩევნო პრობლემების მოგვარებისკენ და არა პოლიტიკური დისკუსიებისთვის, რასაც სამწუხაროდ, ხშირად აქვს ადგილი“, – განუცხადა „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ დირექტორმა ეკა გიგაურმა Civil.ge-ს.

უწყებათაშორისი კომისია აგვისტოდან უშიშროების საბჭოდან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა და მას თეა წულუკიანი ჩაუდგა სათავეში. კომისია ყოველკვირეულად იკრიბება საარჩევნო დარღვევებზე საჩივრების განხილვისა და მათზე რეაგირების მიზნით. კომისიის სხდომებს პარტიებთან და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად დამკვირვებლის სტატუსით ასევე ესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის ეუთოს სადამკვირვებლო მისიიდან, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული და რესპუბლიკური ინსტიტუტებიდან, გაეროს განვითარების პროგრამიდან. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)