Site icon Civil.ge

საზოგადოებრივი მაუწყებელი საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დაგეგმილი დებატების სქემას აქვეყნებს

პრინციპი, რომლის საფუძველზეც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს, რომ ზოგიერთ საპრეზიდენტო კანდიდატს შორის დებატებს უმასპინძლოს, გამორიცხავს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის  ნინო ბურჯანაძის ტელედებატებს ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატთან გიორგი მარგველაშვილთან და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატთან დავით ბაქრაძესთან.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 23 საპრეზიდენტო კანდიდატიდან 8 მიიწვია მიმდინარე კვირის ბოლოს დაგეგმილ სატელევიზიო დებატებში მონაწილეობის მისაღებად.

შვიდი მათგანი კვალიფიციური სუბიექტების მიერ დასახელებული კანდიდატია – ანუ იმ პარტიების მიერ, რომლებმაც ცალკე ან ბლოკში შემავალ პარტნიორ პარტიებთან ერთად ბოლო საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებზე 3%-იანი შედეგი მაინც მიიღეს. მერვე კანდიდატია ნინო ბურჯანაძე, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიწვია, როგორც მის მიერ ‘კვალიფიციურად’ აღიარებული სუბიექტი,  საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის შედეგების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მას შედარებით მაღალი რეიტინგი აქვს, ვიდრე ბევრ ‘კვალიფიციურ’ კანდიდატს, თუმცა უფრო დაბალი, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების კანდიდატებს. ბურჯანაძის ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა არ შედის კვალიფიციური სუბიექტის კატეგორიაში, რადგანაც არცერთ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად, რაიმე შედეგიც არ უჩვენებია.

მიწვეული რვა კანდიდატი ორ ჯგუფად დაიყო, რომელთაგანაც პირველში იმ პარტიების მიერ წარდგენილი ოთხი კანდიდატი შედის, რომელთაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანახმად, საუკეთესი შედეგები აჩვენეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

ეს ოთხი კანდიდატი ერთმანეთს დებატებში 17 ოქტომბერს დაუპირისპირდება, ხოლო დანარჩენი ოთხი კანდიდატისგან შემდგარი მეორე ჯგუფი ცალკე გამართავს დებატებს მომდევნო დღეს.

პირველ ჯგუფში შედიან: ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი; ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით ბაქრაძე; ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატი გიორგი თარგამაძე; და ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი.

ხარატიშვილი პირველ ჯგუფში იმიტომ მოხვდა, რომ ის პრეზიდენტობის კანდიდატად საქართველოს ევროპელმა დემოკრატებმა წარადგინეს – პარტიამ, რომელმაც 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობასთან ერთიან ბლოკში მიიღო მონაწილეობა; ბლოკმა შარშანდელ არჩევნებში ხმათა 2%–ზე ოდნავ მეტი დააგროვა. 

კანდიდატების მეორე ჯგუფში, რომელთა დებატებიც 18 ოქტომბერს იგეგმება, შედიან: ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი;  ნინო ბურჯანაძე; მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი სერგო ჯავახიძე და თეიმურაზ მჟავია, რომელიც ქრისტიან–დემოკრატიულ ხალხთა პარტიამ დაასახელა.

სავარაუდოდ, ამგვარ გადანაწილებას ბურჯანაძის უკმაყოფილება მოყვება, რომელიც მუდმივად მოუწოდებს მარგველაშვილს მასთან სატელევიზიო დებატებისკენ. ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ–ერთი თოქშოუს წამყვანმა განაცხადა 10 ოქტომბერს, რომ მარგველაშვილის საარჩევნო შტაბმა არ მიიღო ტელეკომპანიის შეთავაზება ბურჯანაძესთან დებატების გამართვის თაობაზე.

„ნამდვილად არ გამიხარდება თუ გიორგი მარგველაშვილი დებატებში დაჯდება იმ პრინციპებით და იმ კრიტერიუმებით, რა კრიტერიუმითაც ხელოვნურად ცდილობენ საზოგადოებისათვის კანდიდატების თავს მოხვევას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დავსხდეთ, ვიდებატოთ, ვილაპარაკოთ, ხალხს გავაგებინოთ თითოეული ჩვენგანის პროგრამა და ხალხი გადაწყვეტს ვის უნდა დაუჭიროს მხარი. მე ზუსტად ვიცი, რომ ამ დებატებსაც მოვიგებ და არჩევნებსაც. ეს იციან ხელისუფლების წარმომადგენლებმაც და ამიტომაც არ უნდათ არც დებატები, არც თავისუფალი არჩევნები“, – განაცხადა ბურჯანაძემ, რომელიც 14 ოქტომბერს კამპანიის ფარგლებში ხაშურს სტუმრობდა.

დებატებს, რომელიც საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით იმართება, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც უმასპინძლა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)