Site icon Civil.ge

უსუფაშვილი მარგველაშვილის განცხადებას მეორე ტურთან დაკავშირებით ‘წმინდა მეტაფორას’ უწოდებს



პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი 18 ოქტომბერს ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომ მეორე ტურის შემთხვევაში იგი საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშება, „წმინდა მეტაფორა“ იყო და რომ ის სიტყვასიტყვით არ უნდა იქნას გაგებული. 

„მეორე ტურთან დაკავშირებით ჩვენი კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის ფრაზა, ჩემი აზრით, იყო წმინდა მეტაფორა. ეს მიანიშნებს მის დამოკიდებულებას, მის რწმენას გამარჯვებაში პირველ ტურში. მეორე მხრივ, მიანიშნებს დამოკიდებულებას იმაზე, რომ ის დაბადებიდან კი არ ოცნებობდა პრეზიდენტობაზე, არამედ ის მზად არის ეს ფუნქცია შეასრულოს იმ შემთხვევაში, თუ ხალხი მას ნდობას გამოუცხადებს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„ეს უფრო მეტაფორა იყო და არა ის, რომ მას დაგეგმილი აქვს რამე სხვა“, – დასძინა მან.

მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათით ადრე პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა 17 ოქტომბერს, რომ ის დარწმუნებულია, რომ კოალიციის კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებს და თუ ეს ასე არ მოხდა, ის ურჩევს მარგველაშვილს, რომ მეორე ტურში გამოეთიშოს არჩევნებს, ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა: „მეორე ტური არ იქნება იმიტომ, რომ ეს არსებული სტატისტიკით შეუძლებელია. მაგრამ თუ მოხდა საოცრება და ქართველი ამომრჩეველი არ გამოვიდა უბანზე და მოხდა ისე, რომ იქნება მეორე ტური, მე აღარ ვხედავ აზრს იმაში, ასეთ შემთხვევაში, რომ ძალიან აქტიურად  დავრჩე პოლიტიკაში ჩართული“.

მან ასევე განაცხადა: „მეორე ტური არ არის შესაძლებელი, მაგრამ საოცრების შემთხვევაში, მე საოცრებაში მონაწილეობას აღარ მივიღებ“.

უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრის განცხადებაც მეტაფორული იყო, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს აუცილებლად მოხდება.

მისი თქმით, ბევრი საპრეზიდენტო კანდიდატი ახმოვანებს საკუთარ პოზიციას და მოლოდინებს არჩევნების შედეგების თაობაზე „სხვადასხვა ფორმით“, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა სიტყვა პირდაპირი მნიშვნელობით უნდა იქნას გაგებული.

მოგვიანებით იგივე დღეს უსუფაშვილმა გაიმეორა, რომ მარგველაშვილის და ივანიშვილის განცხადებები მიანიშნებდა მათ რწმენაზე, რომ ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი მეორე ტურის გარეშეც მოიგებს არჩევნებს. „მე ამაში მათ ვუერთდები“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„ამიტომ ამ რწმენის გადმოცემა სხვადასხვა ხერხით და საშუალებით – მათ შორის იმით, რომ მეორე ტური თუ იქნება, არ ვურჩევ ან არ მივიღებ მონაწილეობას – ეს არის დამოკიდებულების ჩვენება და არა გეგმა და არა გადაწყვეტილება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კოალიცია ქართულ ოცნებას არ აქვს ასეთი გადაწყვეტილება“, – განაგრძო მან, „მე დარწმუნებული ვარ ჩვენი კანდიდატის გამარჯვებაში და პირველი ტური, მეორე ტური და ასე შემდეგ  – ეს ხალხის გადასაწყვეტია“.    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)