Site icon Civil.ge

პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ეწვევიან

შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები კარლ ბილდტი და რადოსლავ შიკორსკი საქართველოს მომავალ კვირას ეწვევიან იმ ტურნეს ფარგლებში, რომელიც ასევე მოიცავს ვიზიტებს მოლდოვასა და უკრაინაში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, რომელსაც ნოემბრის ბოლოს ვილნიუსი უმასპინძლებს.

პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც 2009 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორები იყვნენ, თბილისში სამშაბათს საღამოს ჩამოვლენ და პრეზიდენტ სააკაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ივანიშვილს შეხვდებიან, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად.

საქართველო ელის, რომ ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირება მოხდება.

ვიზიტი 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების კვირაში შედგება.

თბილისში ჩამოსვლამდე, სადაც მინისტრები ოთხშაბათს დილამდე დარჩებიან, პოლონეთისა და შვედეთის პირველი დიპლომატები 21 ოქტომბერს კიშინიოვს და 22 ოქტომბერს კიევს ესტუმრებიან.

ამ ტურნეს დაწყებამდე ბილდტი და შიკორსკი მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ლუქსემბურგში 21 ოქტომბერს გაიმართება და სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობა განხილვის ერთ-ერთი მთავრი თემა იქნება.

„ეს ვიზიტი ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვან დროს, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობას შორის ნოემბრის ბოლოს დაგეგმილი სამიტის წინ ვილნიუსში. იმედია, რომ შესაძლებელი იქნება ევროკავშირსა და ზოგიერთ პარტნიორ ქვეყანას შორის რიგი შეთანხმებების დასრულება ან მათზე პროგრესის მიღწევა“, – ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის დანარჩენი სამი ქვეყანაა: სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)