პრეზიდენტმა სააკაშვილმა მისი შემცვლელის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და მოგვიანებით განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს იმ კუთხით ანიჭებს მნიშვნელობას, რომ ძალთა „სერიოზული გადაჯგუფებები“ მოხდება საქართველოში და მომზადდება საფუძველი „შემდგომი შემობრუნებისთვის“.
მართალია მან საარჩევნო უბანი ფაქტიურად უკომენტაროდ დატოვა, მაგრამ ჟურნალისტები თავის სახლში მიიწვია და ეს განცხადებები სწორედ იქ გააკეთა.
„მთავრობა უკვე წინა საპარლამენტო არჩევნების შედეგად არის კონკრეტული ძალის ხელში. ახლა არჩევანი ჩვენ ყველამ შეიძლება გავაკეთოთ მხოლოდ ზარალის მინიმიზაციისთვის. მთავარი პროექტები საქართველოში არის შეჩერებული, ჩვენ ეს ყველამ კარგად ვიცით; დაპაუზებულ მდგომარეობაშია ქვეყანა, ჩვენ ეს კარგად ვიცით; ბევრი სხვა ტენდენცია შეიმჩნევა, რომელიც არ არის ნამდვილად ხალხისთვის კარგი და ხალხმა ეს მშვენივრად იცის“, – განაცხადა მან.
„ახლა საჭიროა ამ ყველაფრის მინიმიზაცია, საფუძვლის მომზადება შემდგომი შემობრუნებისთვის“, – განაგრძო მან, „საპრეზიდენტო არჩევნები, რა თქმა უნდა, საქართველოში ბოლომდე ყველაფერს არ წყვეტს იმიტომ, რომ პრეზიდენტის ახალი ფუნქციები აღარ მოიცავს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელობას. ეს ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად ყოველდღიურ ცხოვრებაზე საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი გავლენას საქართველოში ვეღარ მოახდენს, ახალი კონსტიტუციით“
„მაგრამ მეორე მხრივ, პარლამენტის ხელშია მთავრობა. არჩევნების შედეგებსაც აქვს ამ მხრივ გარკვეული მნიშვნელობა. მოხდება სერიოზული გადაჯგუფებები საქართველოში“.
„შემდეგი მთავრობები და მთავრობები, მე ვფიქრობ, ჩქარა შეიცვლებიან, იფუნქციონირებენ იმ პირობებში, როცა ისინი იქნებიან ყოველდღიური საპარლამენტო კონტროლის ქვეშ და ამ მხრივ, ეს არის ახალი დიდი სკოლა დემოკრატიის, როცა ხალხს ექნება, თუ კარგად გააკონტროლებს პარლამენტს, ყოველდღიურად შესაძლებლობა თავის აღმასრულებელ ხელისუფლებას, მთავრობას ყოველდღიურად უნდა შეახსენოს, რომ ხალხზე უნდა იფიქროს და ხალხზე უნდა იზრუნოს“, – განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს.
მან ასევე კომენტარი გააკეთა მცირერიცხოვან აქციაზე, რომელიც მისი ხმის მიცემის დროს საარჩევნო უბანთან მის წინააღმდეგ იმართებოდა. ამგვარი აქციები ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მოაწყვეს იმ ადგილებში, რომელთაც პრეზიდენტი სტუმრობდა.
„ეს ვიღაც ტიპაჟები, რომლებიც დამსდევენ, რომლებსაც პირდაპირ ფულს უხდის პოლიცია – ეს ყველამ კარგად ვიცით. ეტყობა რაღაცა ზედმეტად ნერვიულობენ საქართველოს მთავრობაში და რაღაც ზედმეტად ეშინიათ ჩემი იმის მიუხედევად, რომ ჩემი პრეზიდენტობა მთავრდება. ალბათ რაღაცა ისეთი იციან, რაც მე არ ვიცი“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.