Site icon Civil.ge

ცესკომ წინასწარი მონაცემების გამოქვეყნება დაიწყო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ღამის 12 საათის შემდეგ პირველი წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი 63.82%-ით დამაჯერებლად ლიდერობს.

ეს მონაცემი ეყრდნობა 440 უბნის შედეგებს, რაც სულ არსებული 3741 უბნის 11.76%-ს შეადგენს.

წინასწარი ოფიციალური შედეგებით, ხმათა 21.28%-ით მეორე ადგილზეა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით ბაქრაძე; შემდეგ მოდის „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე – 9.51%; მეოთხე ადგილზეა ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი 2.47%-ით და მას მოყვება ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე 1%-ით. დანარჩენმა 18 კანდიდატმა 1%-ზე ნაკლები ხმები მიიღეს. 

დათვლილ ხმებში ასევე შედის ორი უბნის შედეგები ავღანეთიდან, სადაც ქართველმა ჯარისკაცებმა ერთი კვირის წინ მისცეს ხმა.

მიღებული ხმების მიხედვით, რომელიც ცესკომ დღეს დაითვალა, გიორგი მარგველაშვილმა ორივე უბნის შედეგებით საერთო ჯამში 104 ხმით მოუგო დავით ბაქრაძეს. მაშინ როცა ავღანეთში მდებარე ბაზა „ლაზერნიკზე“ გიორგი მარგველაშვილმა ბაქრაძეზე მეტი ხმები დააგროვა 415/278 შეფარდებით, ბაზა “ერედვზე“ გახსნილ უბანზე ბაქრაძემ 318 ხმით მოუგო მარგველაშვილს, რომელმაც ამ ბაზაზე მომსახურე 285 სამხედროს  ხმა მიიღო.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)