პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის მიღწევებზე, სინანულსა და შეცდომებზე ისაუბრა 28 ოქტომბერს საზოგადოებისადმი სატელევიზიო მიმართვაში, რომელიც მისი თქმით, პრეზიდენტის სასახლიდან გაკეთებული ასეთი ბოლო განცხადება იყო.
„პირადად მე დასვენება არ მჭირდება, მაგრამ მოვიდა დრო, როდესაც თქვენ უნდა დაისვენოთ ჩემგან“, – განაცხადა მან თავის 40-წუთიან ვიდეო-მიმართვაში, სადაც მან ასევე გადაუხადა ბოდიში მათ, ვინც მისი ხელისუფლების პირობებში „უსამართლობისა და დამცირების მსხვერპლი გახდა“.
მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც თავისი უფლებამოსილების მეორე საპრეზიდენტო ვადა 27 ოქტომბერს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან შეუწყდება, 28 ოქტომბერს ასევე შეხვდა ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობას მის მიერ ათი წლის წინ დაარსებული პარტიის თავმჯდომარის რანგში.
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესახებ, სადაც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ 21.7% დააგროვა, სააკაშვილმა თქვა: „ჩვენ გავედით მეორე ადგილზე, მაგრამ ეს არის ისეთი მეორე ადგილი, რომელიც მყარ საფუძველს ქმნის შემდგომი ბრძოლებისთვის და შემდგომი ჩვენი გამარჯვებებისთვის“.
„გავიმეორებ გიგა ბოკერიას სიტყვებს… შევხვდებით მომავალ არჩევნებზე“, – განაცხადა სააკაშვილმა ღიმილით; მორიგი არჩევნები 2014 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნებია, „ჩვენ ყველა შემდგომ არჩევნებზე გვაქვს შანსი იმიტომ, რომ გუშინდელ არჩევნებზე ამას ჩაეყარა ძალიან საიმედო საფუძველი… საქართველოს წინ ელის საკმაოდ რთული პერიოდი გაურკვევლობის და პრობლემების, სამწუხაროდ ეს ასეა, ყველამ კარგად ვიცით და როგორც არასდროს საჭირო იქნება, მოთხოვნა იქნება დემოკრატიულ, ეფექტურ ოპოზიციაზე“.
საზოგადოებისადმი თავის ვრცელ მიმართვაში სააკაშვილმა განაცხადა, რომ „შეცდომებისა და ხარვეზების“ მიუხედავად, მისი მმართველობის დროს „ჩვენ გავაღვიძეთ იმედი, ჩამოვაყალიბეთ პატრიოტიზმის ახალი ფორმა, დავიბრუნეთ დიდი ხნის წინ დაკარგული ეროვნული სიამაყე“.
„ახლა კი მინდა მოწიწებით გთხოვოთ, თითოეული თქვენგანი დაფიქრდეს და დადგეს სოციალურ პრობლემებსა და პოლიტიკურ მოდაზე მაღლა. მინდა, საკუთარ თავს ჰკითხოთ: ვართ თუ არა იმაზე უკეთესად, ვიდრე ვიყავით ათი წლის წინ?“
‘სულსწრაფები და ზედმეტად მკაცრები’
საკუთარ და თავისი ადმინისტრაციის „შეცდომებზე“ საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა: „ვიყავით სულსწრაფები და ხშირად, ზედმეტად მკაცრებიც“.
„მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, ვინც უსამართლობისა და დამცირების მსხვერპლი გახდა“, – განაცხადა მან.
„ვნანობ, რომ ხშირად, ზედმეტად ვენდობოდი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამდებობის პირებს“.
„როგორც გითხარით, მე ვიყავი, ალბათ, ზედმეტად ჩქარი და მოუთმენელი და კეთილისმსურველები სიდინჯისკენ მომიწოდებდნენ ხოლმე“.
„ჩვენი ქვეყნის სწრაფად რეფორმირების სურვილით, არ გავითვალისწინეთ იმის აუცილებლობა, რომ ჩვენი მოქმედება აგვეხსნა და შეგვეთანხმებინა მათთან, ვინც ეწინააღმდეგებოდა ამ ცვლილებებს“.
„სასამართლოს რეფორმა იყო ძალიან ნელი, განათლების რეფორმა კი – არასაკმარისად სიღრმისეული. ყოველივე ამაზე მე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„თუმცა არასდროს მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ მსურდა ხალხისთვის დამებრუნებინა სიამაყე და ძალაუფლება. მე არ მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ გავანადგურე ორგანიზებული დანაშაული, ამოვძირკვე ელიტური კორუფცია და ავაშენე ახალი ქალაქები; მე არ მოვიხდი ბოდიშს იმისათვის, რომ მოვიარე ქვეყანა, რათა მსოფლიოს სამსჯავროზე გამეტანა ჩვენი საერთო საქმე – ჩვენი სამშობლოს დაცვა ძლიერი მტრებისგან“, – განაცხადა მან, „მე ყოველთვის ვიამაყებ იმით, რისი დასრულებაც ჩვენ ერთად შევძელით“.
მისი თქმით, მან იცის, რომ „ბევრ თქვენგანს აღიზიანებს ჩემი აჩქარებული ტემპი“.
„მაგრამ, გთხოვთ, გამოგოთ მეც, რადგან სულ კეფაში ვგრძნობდი წარსულის ამაზრზენ სუნთქვას. ეს უახლესი ბნელი წარსული ფეხდაფეხ მოგვდევდა, მაგრამ მომავალს მაინც რწმენითა და იმედით შევყურებდით და არც ერთი წამით არ შეგვიჩერებია სვლა. ამის ძალას კი მხოლოდ ჩვენი უსაზღვრო სიყვარული გვაძლევდა ჩვენი სამშობლოს მიმართ“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, მისმა ადმინისტრაციამ შთააგონა ახალ თაობას, ახალგაზრდა ნიჭიერ ადამიანებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებში ემუშავათ ქვეყნის მოდერნიზაციის მიზნით; მან ისინი მოიხსენია როგორც „მიშასდროინდელი ახალგაზრდობა“. სააკაშვილმა სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ დაასრულა რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურლი პროექტი და ვერ ჩაუყარა საფუძველი ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს.
„მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ დროებით და ის აუცილებლად გაკეთდება. თუ ამას მე ვეღარ შევძლებ, მიშასდროინდელი ახალგაზრდობა მიიყვანს ბოლომდე“, – განაცხადა მან.
„გასული 10 წლის განმავლობაში მე ერთი წამით არ შემიჩერებია შრომა და ბრძოლა ქვეყნისა და თქვენი ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„მე არ დავღლილვარ და არც დავიღლები და სადაც არ უნდა ვიყო, შრომასაც გავაგრძელებ და ბრძოლასაც. პირადად მე დასვენება არ მჭირდება, მაგრამ მოვიდა დრო, როდესაც თქვენ უნდა დაისვენოთ ჩემგან. თუმცა არასდროს დავივიწყოთ ის, რომ ქვეყნის წინსვლასა და თავისუფლებისთვის ბრძოლის საქმეში ჩვენ, როგორც ერს, დასვენების დრო არც ახლა გვაქვს და არც მომავალში გვექნება“, – განაცხადა მან.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის „უზომოდ მადლიერია“ ქართველი ხალხის. „ძალიან მიყვარხართ“, დასძინა მან.