Site icon Civil.ge

სააკაშვილი ბრიუსელში ბაროზოს შეხვდა

პრეზიდენტი სააკაშვილი 29 ოქტომბერს ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა.

ბაროზოს განცხადებით, შეხვედრაზე მათ განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელიც ვილნიუსში ნოემბრის ბოლოს გაიმართება და სადაც საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას ელის.

შეხვედრის შემდეგ ბაროზომ განაცხადა, რომ „ჩვენ უნდა წინასწარ მოვიფიქროთ, როგორ შევინარჩუნოთ საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევები მომავალში“.

„პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველომ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ახლა მნიშვნელოვანია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ეს პროგრესი კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოში, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა მან.

„რა თქმა უნდა, საქართველოს დემოკრატიის გაძლიერება ჩვენთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო პლურალისტურ დემოკრატიად დარჩეს – და მე დავარწმუნე პრეზიდენტი სააკაშვილი, რომ ჩვენ კვლავ ფხიზლად დავრჩებით საქართველოს საკითხებში ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის თომას ჰამარგერგის მუშაობის მეშვეობით“.

„ველით, რომ საქართველო პატივს სცემს თავის ვალდებულებებს, როგორიცაა იმის უზრუნველყოფა, რომ სასამართლოებმა პოლიტიკური ზეგავლენის გარეშე იმუშავონ. ჩვენ შერჩევითი სამართლის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგი ვართ“, – განაცხადა ბაროზომ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილის ნაციონალურმა მოძრაობამ „კვლავაც განაგრძოს კონსტრუქციული წვლილის შეტანა საქართველოს პოლიტიკურ დებატებში ოპოზიციაში ყოფნის დროს“.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ბაროზომ განაცხადა, რომ მან იცის, რომ ზოგჯერ სააკაშვილი წინააღმდეგობრივი ლიდერი იყო, მაგრამ ეს ხდება დემოკრატიულ ქვეყანაში. „დემოკრატიულ სახელმწიფოებში, როცა არჩევანი კეთდება, ჩვენ არ შეიძლება ყოველთვის ყველას მხარდაჭერა გვქონდეს… საქმე იმაშია… რომ სტრატეგიული პერსპექტივის თვალსაზრისით, საქართველო დღეს უფრო ძლიერი, უფრო თანამედროვე, და რაც იმედისმომცემია, უფრო დემოკრატიულია“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)