Site icon Civil.ge

დეპუტატი ირინა იმერლიშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი გახდება

ქართული ოცნების დეპუტატი ირინა იმერლიშვილი, რომელიც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნება მას შემდეგ, რაც არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 17 ნოემბერს დაგეგმილი ინაუგურაციის შემდეგ თავისი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება.  

იმერლიშვილმა განაცხადა პარასკევს, რომ მან მიიღო შემოთავაზება ამ თანამედობობის დაკავებასთან დაკავშირებით და იგი ამ წინადადებას დათანხმდა.

იმერლიშვილი გიგა ბოკერიას შეცვლის. ამ უკანასკნელს ეს თანამდებობა 2010 წლის ნოემბრიდან ეკავა და იგი ამ პოსტიდან 17 ნოემბრის ინაუგურაციის შემდეგ გადადგება.

1993 წლიდან 2000 წლამდე იმერლიშვილი პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. 2000 წელს იგი იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 2003 წლამდე მას მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 2000–2001 წლებში იუსტიციის მინისტრის პოსტი მიხეილ სააკაშვილს ეკავა.

2006 წელს იმერლიშვილი რესპუბლიკურ პარტიაში გაწევრიანდა. 2012 წლის ოქტომბერში იგი დეპუტატი გახდა კოალიცია ქართული ოცნების პარტიული სიით, სადაც ის დარეგისტრირდა როგორც ივანიშვილის პარტიის ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს წევრი.   

ოქტომბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, რომელიც ძალაში 17  ნოემბერს ახალი კონსტიტუციის ამოქმედებასთან ერთად შევა, უშიშროების საბჭოს მდივნის უფლებამოსილება შეიზღუდა; უშიშროების საბჭოს მდივნის უფლებამოსილება, რომელიც იმავდროულად პრეზიდენტის თანაშემწეა უშიშროების საკითხებში,  შემოიფარგლა მხოლოდ სახელმწიფო თავდაცვის საკითხებით და მას აღარ ექნება უფლება კოორდინაცია გაუწიოს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა სხვა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)