აშშ–ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ხუთშაბათს ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს შეხვდა, რომელიც 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე 21.72% ხმით მეორე ადგილზე გავიდა, და მას „არჩევნების შედეგები მიულოცა, რომელმაც დაადასტურა, რომ დღეს, საქართველოში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უმთავრესი ოპოზიციური პარტიაა“.
„ელჩი და ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე [დავით ბაქრაძე] შეთანხმდნენ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ძლიერ ორპარტიულ თანამშრომლობას პარლამენტის შიგნით, აგრეთვე მთავრობასთან იმ საგარეო და საშინაო პოლიტიკურ გამოწვევების დასაძლევად, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას“, – განაცხადა აშშ–ის საელჩომ.
28 ოქტომბერს ნორლანდი არჩეულ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა და მას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„ვფიქრობ, ეს ნადვილად წარმოადგენს შესაძლებლობას საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ ერთმანეთს ხელი გაუწოდონ და იპოვონ გზა, რათა ითანამშრომლონ და აღადგინონ ურთიერთნდობა და გახსნილობა იმ სერიოზულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლებიც ქვეყნის წინაშე ჯერ კიდევ დგას“, – განაცხადა ნორლანდმა.
ასევე 28 ოქტომბერს ელჩი ნორლანდი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდა და არჩევნების „მშვიდობიანად დასრულება“ მიულოცა. აშშ–ის საელჩოს ინფორმაციით, ნორლანდმა აღნიშნა „ის წინსვლა, რომელსაც საქართველომ პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობისას ბევრი მიმართულებით მიაღწია. პრეზიდენტმა და ელჩმა გარდამავალ პოლიტიკურ პერიოდზეც ისაუბრეს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)