Site icon Civil.ge

პოლიტიკოსების კომენტარები მომავალ პრემიერ-მინისტრად ღარიბაშვილის დასახელების თაობაზე



 შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს მიმართავს მას შემდეგ, რაც პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა ის 2 ნოემბერს თავის შემცვლელად დაასახელა. ფოტო: პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური

ქვემოთ მოცემულია ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების შეფასებები პრემიერ–მინისტრის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებასთან დაკავშირებით.

არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი:

„მისი კანდიდატურა მისაღებია ჩემთვის უაღრესად იმიტომ, რომ ძალიან კარგი ურთიერთობები მაქვს და მისაღებია საზოგადოებისთვის. ირაკლი არის გამორჩეული წევრი ჩვენი საზოგადოების, გამორჩეული ქართველი და ამავე დროს მთავრობის გამორჩეული წევრი. მე მიხარია, რომ ასეთი კარგი კოლეგიალური ურთიერთობები მექნება ირაკლისთან“.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი:

„ირაკლი ღარიბაშვილი ჩვენი ერთ–ერთი საყრდენი წევრი იყო პირველი დღეებიდანვე. ამას განაპირობებდა არა მხოლოდ მისი სიახლოვე ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკაში მის მოსვლამდე, არამედ მისი პიროვნული თვისებები, საქმიანი თვისებები, მისი ნიჭი და მისი უნარი ძალიან მძიმე კრიტიკულ სიტუაციებში აეღო პასუხისმგებლობა და ემოქმედა და ეაზროვნა მასშტაბურად – ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია:

„ეს არის ლოგიკური გადაწყვეტილება; ეს არის კარგი გადაწყვეტილება, რომ ჩვენი გუნდიდან ასეთი წესიერი, გულანთებული, ენერგიული ადამიანი ჩაუდგება ჩვენ მთავრობას; ჩვენ ყველანი მას გვერდში დავუდგებით“.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი გიორგი გაბაშვილი:

„ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ წავიდეს მთავრობიდან არის აშკარად გაქცევა პასუხისმგებლობიდან. დღეს უკვე ნათელია, რომ ნახევარი მილიარდით არის ქვეყნის ბიუჯეტი გარღვეული, ათასობით სამუშაო ადგილი არის დაკარგული და კრიმინალი იზრდება. კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გვახსენდება ღარიბაშვილის სახელი – ეს არის ადამიანი, რომელიც ხშირად ნეპოტისტული პრინციპით მართავს სამინისტროს და წარმოადგენდა მხოლოდ თავისი პოლიტიკური პარტიის სახეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი ხედვა, როგორ გაუმჯობესდეს ეკონომიკური ვითარება ქვეყანაში“.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე:

„ჩვენ მაინც მოლოდინი გვქონდა, რომ ახალი კანდიდატურა იქნებოდა ადამიანი, რომელსაც ექნებოდა კომპეტენცია და გამოცდილება, რომ გამკლავებოდა ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევას, რაც არის ეკონომიკური პრობლემები, ჩვენი მოსახლეობის დასაქმება, ახალი ინვესტიციების მოზიდვა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ მივიღეთ კანდიდატი, რომლის ერთადერთი პოზიტივი ის არის, რომ ის არის ერთგული პირადად დღევანდელი პრემიერ–მინისტრის“.

სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი:

„ირაკლი ღარიბაშვილმა შეძლო მართლაც შეუძლებელი: პირველი, პოლიცია, რომელიც იყო აბსოლუტურად პოლიტიზირებული, ჩააყენა ხალხის სამსახურში ისე, რომ ამას არ გამოუწვევია არანაირი რყევა და მეორე, იმ უპრეცედენტო ამნისტიის ფონზე კრიმინალის დონემ არათუ იმატა, არამედ იკლო და დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა საოცრად მოიმატა“.

ქართული ოცნების დეპუტატი თინა ხიდაშელი:

„მე ვფიქრობ, რომ ირაკლი ყველაზე წარმატებული და ეფექტური მინისტრი იყო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გასულ წელს, როდესაც ამ შენობაში ვიყავით ვერავის ვერ წარმოედგინა, რომ შესაძლებელი იყო საქართველოს ყოლოდა პოლიცია, რომელიც კანონს შეასრულებდა ისე, რომ მოქალაქეებზე არ იძალადებდა“.

სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი: 

"დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან წარმატებული პრემიერ–მინისტრი. მისი მთავარი პრინციპი არის გუნდური თამაშის პრინციპი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ერთი წლის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის პერიოდში, მიუხედავად ბევრი სკეპტიკოსისა და კრიტიკოსისა, დაამტკიცა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალუძს, რომ რეალურად იყოს ევროპული სტანდარტების ძალოვანი სტრუქტურა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)