თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი ენერგეტიკის და ფინანსთა მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის და ყოფილი მთავრობის წევრის, რომელიც ამჟამად ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორია, ნიკა გვარამიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა კორუფციის საქმეში.
ასევე გამამართლებელი განაჩენი გამოაცხადა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 14 ნოემბერს იმავე საქმეზე დანარჩენი ხუთი ბრალდებულის მიმართ.
სასამართლო პროცესი, რომელიც შვიდ თვეზე მეტხანს მიმდინარეობდა, ეხებოდა საქმეს, რომელიც მოქრთამვის, ფულის გათეთრების, ცრუ მეწარმეობის და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებებს მოიცავდა.
ალექსანდრე ხეთაგურს, რომელიც ენერგეტიკის მინისტრი და შემდეგ ფინანსთა მინისტრი იყო წინა მთავრობაში, ბრალი 2012 წლის დეკემბერში წაუყენეს მოქრთამვის და ფულის გათეთერების მუხლებით. მას ბრალად დაედო კორუფციული გარიგების დადება „თელასთან“, რის შედეგადაც არსებითად არ მოხდებოდა საგადასახადო შემოწმების ჩატარება „თელასში“, ასევე მის დაქვემდებარებაში მყოფ "ხრამჰესი 1," "ხრამჰესი 2", და შპს "მტკვარი ენერგეტიკაში" და შესაბამისად, თავიდან იქნებოდა აცილებული ამ კომპანიების სახელით ათობით მილიონი ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრება 1 მილიონი აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ.
ნიკა გვარამიას, რომელიც 2007 წელს მთავარი პროკუტორის მოადგილე იყო, 2008 წელს იუსტიციის მინისტრი და 2009 წლის ბოლომდე განათლების მინისტრი, ხოლო 2012 წლის ნოემბერში „რუსთავი 2“–ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა, ბრალად ედებოდა კონკრეტული გეგმის შემუშავება და ფიქტიური კომპანიის შექმნა.
ბრალდებულებს შორის ასევე იყვნენ კომპანია „თელასის“ ყოფილი დირექტორები დევი კანდელაკი და აშოტ მანუკიანი (ეს უკანასკნელი დაუსწრებლად გაასამართლეს), ასევე აუდიტორული კომპანია „გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლუშენის“ დამფუძნებელი და 2005–2008 წლებში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კახა დამენია. ექვსი პირი, მათ შორის ხეთაგური და გვარამია გირაოთი გაათავისუფლეს 2012 წლის დეკემბერში; ხოლო მანუკიანზე ძებნა გამოცხადდა.
„სასამართლო იყო ობიექტური და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე უფრო სტაბილური ინსტიტუცია გამოდგა სასამართლო“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ განაჩენის გამოცხადების შემდეგ, „გულწრფელად ვამბობ, მაშინ როდესაც მე ხელისუფლებაში ვიყავი სასამართლოს ჰქონდა ხარვეზები და ხარვეზები ჰქონდა პროკურატურასაც, რაც დღესაც გრძელდება, განსახვავებით სასამართლოსგან“.
გვარამიამ, რომელიც 2007 წელს მთავარი პროკურორის მოადგილე იყო, ასევე განაცხადა: „ძალიან ვწუხვარ, რომ იმის აღიარება მიწევს, რომ ძალიან ბევრი რამ არასწორად გავაკეთეთ პროკურატურაში და ეს ძალიან ცუდია და ამაში ჩემს და ჩემი მეგობრების წვლილსაც ვგრძნობ. სამწუხაროდ, მომიწია ბრალდებულის სახით წარდგენა სასამართლოს წინაშე, რომ საბოლოოდ ამაში დავრწმუნებულიყავი და მთელი ნიუანსებით შემეგრძნო, თუ რა ცუდია, როდესაც პროკურატურა არის პოლიტიკურად მოტივირებული; ჩვენ ასეთი პროკურატურა ვნახეთ სწორედ პროცესზე – არაკვალიფიცირებული და პოლიტიკურად მოტივირებული“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)