Site icon Civil.ge

საქართველოს ახალი პრეზიდენტი ყავს

44 წლის გიორგი მარგველაშვილმა 17 ნოემბერს პარლამენტის ძველი შენობის ეზოში საზეიმოდ დადო ფიცი, რის შედეგადაც ის საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გახდა ხუთი წლის ვადით.

„მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის“, – განაცხადა მარგველაშვილმა, რომელსაც ფიცის დადების დროს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ ტრიბუნასთან მიტანილ საქართველოს კონსტიტუციაზე ედო ხელი.

ფიცის დადების შემდეგ ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებების გაზრდის ფონზე.

ახალი საკონსტიტუციო მოდელი ძირითადად გულისხმობს ქვეყნის ძლიერი საპრეზიდენტო მოდელიდან საპარლამენტო ტიპის შერეულ მოდელზე გადასვლას, სადაც აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ხელშია კონცენტრირებული. 

ფიცის დადების შემდეგ მარგველაშვილი სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც გმირთა მოედნისკენ გაემართა, სადაც დაღუპული ქართველი მეომრების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)