პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ინაუგურაციის შემდეგ პირველ ბრძანებას მოაწერას ხელი, რომლითაც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და მთავრობის დანარჩენ შემადგენლობას ახალი მთავრობის დამტკიცებამდე მოვალეობის შესრულება დააკისრა.
ეს პროცედურა საგამონაკლისო წესით არის გათვალისწინებული ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში დღეს, მარგველაშვილის მიერ საპრეზიდენტო ფიცის დადების მომენტიდან შევიდა.
ჩვეულებრივ, ახალი კონსტიტუციის თანახმად, ახალი პრეზიდენტის არჩევა მთავრობის ხელახალ დამტკიცებას აღარ საჭიროებს და ახალი მთავრობის ფორმირება ახალი პარლამენტის არჩევას ებმის.
ახალი მთავრობისა და მისი პროგრამისთვის ნდობის გამოცხადება მომავალ კვირაში იგეგმება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, მთავრობის ახალ შემადგენლობას დეპუტატები რიგგარეშე სხდომაზე დიდი ალბათობით 20 ნოემბერს დაამტკიცებენ.
ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტი მაგრველაშვილი წამოაყენებს ფორმალურად ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მისთვის წარდგენილ კანდიდატურას – შინაგან საქმეთა მინისტრის ამჟამინდელი მოვალეობის შემსრულებელს, 31 წლის ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ამის შემდეგ შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და სამთავრობო პროგრამასთან ერთად წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად, რასაც სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.
სავარაუდოდ, მოქმედ მთავრობაში მინისტრთა უმრავლესობა პოსტებს შეინარჩუნებს, ვინაიდან მომავალმა პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის ძირეულ ცვლილებებს არ გეგმავს. ამ ეტაპზე ცნობილია ერთადერთი ახალი მინისტრის კანდიდატურა – ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ღარიბაშვილის მიერ მის შემცვლელად წარდგენილი 28 წლის ალექსანდრე ჭიკაიძე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)