Site icon Civil.ge

ღარიბაშვილი და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები მწვავე მოსმენის დროს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ


მომავალი პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 19 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე საუბრობს. ფოტო: ღარიბაშვილის პრესსამსახური

მომავალ პრემიერ–მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს 19 ნოემბერს გამართული საპარლამენტო მოსმენის დროს ორ საათზე მეტხანს უწევდა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის შემოტევის მოგერიება, რომლის დროსაც ძირითადად ბრალდებების ურთიერთგაცვლა ხდებოდა.

31 წლის ირაკლი ღარიბაშვილი კონსტიტუციით ყველაზე მეტი ძალაუფლების მქონე თანამდებობას დაიკავებს ქვეყანაში მას შემდეგ, რაც 20 ნოემბერს მას პარლამენტი დაამტკიცებს პრემიერ–მინისტრის პოსტზე.

ღარიბაშვილმა, რომელსაც პრემიერ–მინისტრ ივანიშვილთან დიდი ხნის ახლობლობა აკავშირებს, განაცხადა, რომ ის ყოველთვის მიიღებს ბიძინა ივანიშვილის რჩევებს. 

როდესაც მას ჰკითხეს დაესახელებინა მისი მთავარი ჩავარდნა ან ხარვეზი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობისას, მან განაცხადა, რომ „არავითარი ჩავარდნა არ ჰქონია“. 

ღარიბაშვილი ოპოზიციურმა დეპუტატებმა იმის გამო გააკრიტიკეს, რომ მან აგრესიულ ტონზე შეაჩერა არჩევანი. მოსმენის ბოლოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა უთხრა ღარიბაშვილს, რომ ამგვარი ტონი სრულიად „უპასუხისმგებლოა“.

„ჩვენთვის თქვენ ხართ ერთ–ერთი ყველაზე წარუმატებელი პერიოდის მთავრობა; თქვენ ხართ მთავრობა, რომელმაც ასეული მილიონით გაარღვია საქართველოს ბიუჯეტი და პრაქტიკულად შეაჩერა ეკონომიკური ზრდა; შესაბამისად, რა თქმა უნდა, უმცირესობის მხარდაჭერას თქვენ ვერ მოიპოვებთ“, – დასძინა მან.

‘ეკონომიკა – თქვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს ვასწორებთ’

მოსმენის დროს ღარიბაშვილი ხშირად იცილებდა კითხვებს, მათ შორის ეკონომიკის შესახებ და ნაციონალური მოძრაობის და წინა ხელსისუფლების დადანაშაულებას იწყებდა.

როდესაც მას ჰკითხეს, პრემიერ–მინისტრის რანგში როგორ აპირებს ის ეკონომიკური ზრდის შენელების და საგადასახადო შემოსავლების დანაკლისის პრობლემის მოგვარებას, ღარიბაშვილმა წინასწარ მომზადებული ჩანაწერებიდან წაიკითხა, რომ წინა წლებში არსებული ეკონომიკური ზრდა ძირითადად სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგია, რასაც, მისი თქმით, ერთჯერადი და მოკლევადიანი ეფექტი ჰქონდა; მისი თქმით, ეკონომიკურმა ზრდამ შენელება 2012 წლის ზაფხულში დაიწყო მანამ, სანამ ქართული ოცნება მოვიდოდა ხელისუფლებაში. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის მსგავსად, ღარიბაშვილმაც განაცხადა, რომ ეკონომიკა ახლა იმ „შოკიდან“ იწყებს გამოსვლას, რომელშიც ის წინა ხელისუფლებამ ჩააგდო.      

როდესაც მას ისევ ჰკითხეს, თუ როგორ აპირებს საგადასახადო შემოსავლების დანაკლისის პრობლემის მოგვარებას, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას ამისთვის „კონკრეტული გეგმა“ გააჩნია, თუმცა მან დეტალებზე არ ისაუბრა.

როდესაც დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა უთხრა მას, რომ ნაცვლად წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებისა, ქართული ოცნების პოლიტიკას ეკონომიკური ზრდის შენელება მოყვა, ღარიბაშვილმა უპასუხა მას, რომ „ტყუილი ძალიან კარგად გეხერხებათ“. 

„ჩვენი არც ერთი დაპირება არ დარჩენილა შეუსრულებელი. ჩვენ რაც დავპირდით მოსახლეობას, იმაზე მეტი გავაკეთეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე თუ რას ისახავდა მიზნად მთავრობის გეგმა მომავალ წელს ადგილობრივ ბაზარზე 400 მილიონი ლარის ოდენობის სახაზინო ვალდებულებების გამოშვების თაობაზე, ღარიბაშვილმა თავდაპირველად ეს კითხვა ფინანსთა მინისტრს გადაუმისამართა, თუმცა როდესაც მას კვლავ ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ ეს იმისათვის იყო საჭირო, რომ წინა ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებები დაიფაროს.       

„თქვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს ვასწორებთ იმიტომ, რომ დაანგრიეთ რეალურად ეკონომიკა; დროებითი სტიმულატორების მეშვეობით აპირებდით ეკონომიკის განვითარებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

როდესაც მოგვიანებით იმავე მოსმენაზე მას კვლავ ჰკითხეს ეკონომიკის შესახებ, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ეს კითხვა უკვე დაისვა და „რამე ახალი მკითხეთ“.

‘ნაციონალური მოძრაობა – ნეოფაშისტური წარმონაქმნი’

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გივი თარგამაძემ უთხრა მომავალ პრემიერ–მინისტრს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მისი მუშაობისას ადგილი ჰქონდა სპეციალური დანიშნულების რაზმების წარმომადგენლების მიმართ მტრული და დაძაბული დამოკიდებულების „საშიშ ტენდენციას“. მან ღარიბაშვილი კარალეთში განთავსებული სპეცდანიშნულების რაზმის შემცირებაში დაადანაშაულა.

„თუ ვინმემ რაიმე გააკეთა სპეცდანიშნულების რაზმებისთვის, ვარ მე. თუ რომელიმე სამინისტრო იყო ერთ–ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერი, ვიყავი და ვარ და ვიქნები მე. მათი ბაზები იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მე ვარ ის მინისტრი, რომელმაც თითქმის ყველა ბაზაზე დავიწყე რენოვაცია… თქვენ იმდენად ოსტატურად ცდილობთ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში… თქვენ იტყუებით, როდესაც ამბობთ, რომ სპეცდანიშნულების რაზმების მიმართ მქონდა განსხვავებული პოლიტიკა ან აგრესია… თქვენ უსირცხვილოდ გამოდიხართ და მეუბნებით, რომ მე თურმე სპეცდანიშნულების ძალებს ვებრძვი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ასევე უთხრა თარგამაძეს, რომ ათასობით ადამიანი გასამართლდა უკანონოდ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. „თქვენი რეჟიმი, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო რაღაც ნეოფაშისტური წარმონაქმნი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
 
მოსმენის დროს ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი მიღწევა ის არის, რომ საქართველოში „თავისუფლება დაბრუნდა“.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ახლა მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიად აზრის გამოხატვა, ხოლო ნაციონალური მოძრაობის დემოკრატია იყო ფასადური დემოკრატია, რომელიც ტყუილზე იყო დაფუძნებული. მისი თქმით, მათ თავიანთი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ეშინოდათ, რადგანაც მაშინ ციხეებში საშინელება ხდებოდა და ადამიანებს ცოცხებით და ხელკეტებით აუპატიურებდნენ.

‘თქვენგან ამ შეკითხვას მე არ მივიღებ’

ღარიბაშვილს ასევე ჰკითხეს იმ პრაქტიკის თაობაზე, რომელიც ეხებოდა შსს–ს აგენტების ე.წ ოდეერების განთავსებას სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში და ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელში – ამგვარი პრაქტიკა საბჭოთა წყობის გადმონაშთია, როდესაც კაგებეს აგენტების მიმაგრება ხდებოდა თითოეულ სახელმწიფო ინსტიტუტზე და რასაც ასევე ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლებების პირობებში. ამგვარი პრაქტიკა უკანონობაა საზოგადოებრივ მაუწყებელთან და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან მიმართებაში, რადგანაც ისინი სრულიად დამოუკიდებელი უნდა იყვნენ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევისგან; იქ ასეთი აგენტები რეგისტრირებული არიან როგორც „მრჩევლები“.

როდესაც ღარიბაშვილს ამგვარ პრაქტიკაზე ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ ეს კითხვა იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად უსამართლოა ნაციონალური მოძრაობა.
    
„წლების განმავლობაში თქვენ ძალიან კარგად იცოდით რომელი „ოდეერი“ იყო რომელ სამინისტროში“, – განაცხადა მან.

„არასოდეს არ გაგჩენიათ შეკითხვა და ვერ გაბედავდით ამას, რომ გეკითხათ. მე ამ შეკითხვაზე პასუხს არ გაგცემთ იმიტომ, რომ თქვენგან ამ შეკითხვას მე არ მივიღებ; თქვენ ცხრა წლის განმავლობაში იყავით აქ; შეგეძლოთ ეს შეკითხვა დაგესვათ ჩემი წინამორბედისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამ მომენტში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გია ბარამიძემ შეაწყვეტინა ღარიბაშვილს და უთხრა გაბრაზებულმა: „თქვენ რა გგონიათ ვისთან მოხვედით? როგორ საუბრობთ? თავი შეიკავეთ და წესიერად ილაპარაკეთ“. 

„თავი შეიკავეთ. თქვენ გირჩევდით, რომ მასე გესაუბრათ მიხეილ სააკაშვილთან“, – უპასუხა ღარიბაშვილმა და ასევე უთხრა ბარამიძეს, რომ ერთი შემთხვევა მაინც დაესახელებინა, როდესაც მან საჯაროდ გააკრიტიკა სააკაშვილი. ბარამიძემ განაცხადა, რომ მან საჯაროდ ისაუბრა სააკაშვილის იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელიც ეხებოდა იმ პირთა შეწყალებას, რომლებიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო იყვნენ გასამართლებულნი.

‘საკუთარ ხალხს უწყობდით ტერორისტულ აქტებს’ 

დეპუტატი გიორგი ბარამიძე და ირაკლი ღარიბაშვილი ერთმანეთს ხელმეორედ მაშინ დაუპირისპირდნენ, როდესაც მომავალი პრემიერ–მინისტრი 2008 წლის არჩევნების დღეს ხურჩაში მომხდარი აფეთქების გამოძიების შესახებ საუბრობდა. ინციდენტში წინა ხელისუფლებამ აფხაზური მხარე დაადანაშაულა, თუმცა გაეროს დამკვირვებლებმა მაშინ ეჭვქვეშ დააყენეს თბილისის ოფიციალური ვერსია მოვლენების შესახებ. ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი ორი ყოფილი თანამშრომელი დააკავა და ისინი თავდასხმის განხორციელებაში დაადანაშაულა.

„საკუთარ ხალხს უწყობდით ტერორისტულ აქტებს“, – უთხრა ღარიბაშვილმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს მოსმენის დროს და დასძინა, რომ როდესაც ის ამბობდა „თქვენ“ იგი წინა ხელისუფლებას გულისხმობდა. „დადგა დრო, რომ ვაღიაროთ შეცდომები, სხვანაირად თქვენ ვერ შეძლებთ ინტეგრირებას“.

„ვის ელაპარაკებით ამას, ბატონო ირაკლი?“ – ჰკითხა მას გაბრაზებულმა ბარამიძემ. „რა უნდა ვაღიაროთ?“   

„ის ფაქტი, რომ ტერორისტული აქტი მოუწყვეთ საკუთარ მოქალაქეებს“, – უპასუხა ღარიბაშვილმა.

„თქვენ ხართ მატყუარა, ბატონო ირაკლი და თქვენ ამის განცხადების უფლება არ გაქვთ იმიტომ, რომ ამის თქმის უფლება აქვს მხოლოდ მოსამართლეს. ნუ გგონიათ, რომ უპასუხოდ დაგრჩებათ ეს ცილისმწამებლური უსაფუძვლო განცხადებები“, – უთხრა ბარამიძემ ღარიბაშვილს.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხურჩის ინციდენტის გამოძიება გრძელდება, რათა დადგინდეს, ვინ გასცა ტერორისტული აქტის ორგანიზების ბრძანება.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ უთხრა ღარიბაშვილს, რომ ის ტონი, როგორც ის კითხვებს პასუხობს, უფრო მისაღები იქნებოდა მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, თუმცა მომავალი პრემიერ–მინისტრის რანგში ეს სრულიად შეუსაბამოა.

„თქვენი კოლეგებიც შეშფოთებით გიყურებენ“, – უთხრა ხაჩიძემ მინისტრების კანდიდატებზე, რომლებიც ასევე ისხდნენ სხდომათა დარბაზში.

 ‘ნეპოტიზმი – რაიმე სერიოზული შეკითხვა თუ შეიძლება’

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები დიდი ხანი ადანაშაულებდნენ ღარიბაშვილს „ნეპოტიზმში“ და შინაგან საქმეთა სამინისტროში საკუთარი ნათესავების დასაქმებაში. მისი სიმამრის ბიძაშვილი, ზვიად ჯანყარაშვილი შსს–ს გენერალური ინსპექციის უფროსია.

 როდესაც ღარიბაშვილს ამის შესახებ მოსმენაზე ჰკითხეს, მან უპასუხა: „დიდი მადლობა ასეთი სერიოზული შეკითხვისთვის, რა თქმა უნდა, ახლა ამაზე არ შეიძლება სერიოზულად გასცეს კაცმა პასუხი“.

„როცა საუბრობთ თქვენ კორუფციაზე, როცა საუბრობთ თქვენ ნეპოტიზმზე, როგორც ასეთზე, ნუთუ არ გრცხვენიათ“, – მიმართ ღარიბაშვილმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს. „როდესაც თითქმის ყველა თქვენი წარმომადგენლების ნათესავები, ოჯახის წევრები ყველანი  წლების განმავლობაში მუშაობდნენ და მუშაობენ ჯერ კიდევ ჩვენი მთავრობის პირობებში… პრეზიდენტი სააკაშვილი საკუთარ ოჯახის წევრებს ლარად, ლარად  აძლევდა სახელმწიფო ქონებას.  მაშინ სად იყავით? იმიტომ, რომ გეშინოდათ, თქვენ შიში გქონდათ. ეხლა გათავისუფლდით და ძალიან თავისუფლად საუბრობთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

იმავე საკითხზე კითხვა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ალექსანდრე ჭიკაიძესაც დაუსვეს.

მაგრამ როდესაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ეკითხებოდა ჭიკაიძეს ისიც აპირებს, თუ არა ღარიბაშვილივით ნეპოტიზმის ხელშეწყობას სამინისტროში, ეს  უკანასკნელი აწყვეტინებდა მას, ხოლო ნადირაშვილი ეუბნებოდა, „ბატონო ირაკლი, მოითმინეთ და მაცალეთ, არაფერს ისეთს არ გეკითხებით“.  „გაცალეთ ცხრა წელი და ახლა თქვენ გვაცალეთ“, – უპასუხა ღარიბაშვილმა.

„მე მგონი, ეს არ არის პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის შესაფერისი საქციელი“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 

როდესაც ღარიბაშვილთან სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, ნადირაშვილმა როგორც იქნა ჰკითხა ჭიკაიძეს „მე მაინტერესებს, თქვენც იგივე პოლიტიკის გაგრძელებას აპირებთ თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროში?“, ჭიკაიძემ უპასუხა, რომ თუ მისი ნათესავები კარგი პროფესიონალები იქნებიან, რატომაც არა.

„რაიმე სერიოზული შეკითხვა თუ შეიძლება, თორე დამღლელია ეს უკვე“, – მიმართა ღარიბაშვილმა დეპუტატებს.

რუსეთთან ურთიერთობები

მოსმენის დროს საგარეო პოლიტიკური საკითხები ძალიან მოკლედ იქნა განხილული, როდესაც ღარიბაშვილს ამ საკითხზე რუსეთის კონტექტსში ჰკითხეს და მან განაცხადა: „ჩვენ საგარეო კურსი არ შეგვიცვლია. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ რუსეთის მხრიდან ნებისმიერ პროვოკაციაზე – იქნებოდა ეს ბორდერიზაცია, თუ სხვა – ჩვენ გვექნებოდა ძალიან მყისიერი და მკაცრი რეაგირება. მთავრობის თითქმის ყველა წევრი, მთავრობის მეთაურის ჩათვლით, ვაკეთებდით ძალიან მკაცრ და მწვავე რეაქციას“.

‘რუსი ჯაშუშები’

საკითხი, რომელზეც ნაციონალურ მოძრაობას და ღარიბაშვილს ერთი შეხედულება ჰქონდათ მოსმენის დროს ეხებოდა იმას, რომ როგორც მომავალმა პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, „შეცდომა“ იყო იმ ადამიანების გათავისუფლება პატიმრობიდან, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის გამო იყვნენ გასამართლებულნი.

მან განაცხადა, რომ ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის „შეცდომა“ იყო ჯაშუშობის გამო გასამართლებული პირების „პოლიტპატიმრების“ სიაში შეყვანა და 2013 წლის იანვარში ამნისტიის აქტის ფარგლებში მათი გათავისუფლება.

„მე ვიყავი წინააღმდეგი და ამაზე ღიად გამოვთქვი პროტესტი. ახლაც იგივე შემიძლია დაგიდასტუროთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

შექება ქართული ოცნების მხრიდან

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის შემდეგ ღარიბაშვილი და მინისტრობის კანდიდატები საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდნენ.

თავის შესავალ სიტყვაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ მადლობა გადაუხადა მომავალ პრემიერ–მინისტრს და მომავალ მთავრობის წევრებს ოპოზიციის წინაშე ღირსეულად წარდგომის გამო.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)