მიუხედავად რაიმე სირთულეებისა, რომელიც შესაძლოა ქვეყნის წინაშე დადგეს, საქართველო მომავალ წელს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის ამბიციური გეგმის ერთგული დარჩება, განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 22 ნოემბერს.
„ქართული საზოგადოება, ქართული პოლიტიკური სპექტრი ერთიანია იმ ხედვაში, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის წევრი. ჩვენ ძალიან ნათლად ხაზი გავუსვით იმას, რომ ეს არის ის არჩევანი, რომლის ირგვლივაც ფაქტიურად კონსოლიდირებულია მთელი საზოგადოება; შესაბამისად, ნებისმიერი სირთულე, თუ გამოწვევა, რომელიც შესაძლებელია ჩვენ გვქონდეს, ჩვენ ამას გადავლახავთ და ის ამბიციური გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს – რომ პარაფირებიდან ერთ წელიწადში მოვაწეროთ ხელი ხელშეკრულებას – ეს ამბიციური გეგმა რჩება ჩვენი მთავრობის მთავარ სტრატეგიად“, – განუცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სტუმრობისას.
მარგველაშვილმა, რომელიც ვილნიუსის სამიტზე საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს, ასევე განაცხადა: „სამიტზე ჩვენ მივდივართ უაღრესად კარგი შედეგით როგორც ქვეყანა იმიტომ, რომ ჩვენ ჩავატარეთ სამაგალითო, ევროპული ტიპის [საპრეზიდენტო] არჩევნები… ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო არის ევროპის განუყოფელი ნაწილი და კარგი საბუთებიც გაგვაჩნია ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე. ჩვენ ამაზე გავაკეთებთ აქცენტს და გავაკეთებთ მომავალ გეგმებზე, რომელიც იქნება ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ და მის ხელმოწერამდე“.
ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალმა მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, რომ ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ, საქართველო „ინტენსიურად ითანამშრომლებს“ დასავლელ პარტნიორებთან, რათა ერთი წლის თავზე ამ ხელშეკრულების ხელმოწერა მოხდეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ უკრაინის გადაწყვეტილება შეაჩეროს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისთვის მზადება საქართველოს არჩევანზე გავლენას არ იქონიებს.
„მე მინდა გამოვთქვა იმედი, რომ საბოლოოდ მაინც არ არის დახურული უკრაინისთვის, რომ მოხდეს ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, გამოვთქვა იმედი, რომ ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდება. მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის, რომ ჩვენ სწორი დასკვნები გავაკეთოთ იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა უკრაინასთან მიმართებაში“, – განაცხადა ზალკალიანმა. „ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი რთული პერიოდი გველის ვილნიუსის სამიტის შემდეგ, რადგანაც ჩვენ გადავდივართ ფაზაში, როდესაც ქვეყანა მოემზადება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად“.
„მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ევროკავშირის მხრიდანაც იქნება ადეკვატური დასკვნები გაკეთებული“, – დასძინა მან.
ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა, რომელიც პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ უკრაინის გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა გაიმარჯვა. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ამან შესაძლოა გარკვეული პოზიტიური შედეგები მოუტანოს და მოუწოდა ევროკავშირს, დააჩქაროს ინტეგრაციის პროცესი აღმოსავლეთ პარნტიორობის იმ ქვეყნებთან, რომლებიც „განუხრელად ისწრაფვიან დასავლეთისკენ“.
„ეს რა თქმა უნდა ცუდია, მაგრამ ამასთანავე ჩვენთვის შესაძლოა გარკვეული პოზიტიური ნიშნების მოტანაც შეეძლოს პირველ რიგში იმ კუთხით, რომ ბოლოს და ბოლოს ევროპამ უნდა დაგვიფასოს ჩვენი განუხრელი სწრაფვა დასავლეთისკენ“, – განაცხადა სესიაშვილმა. „დასავლეთი უნდა დაფიქრდეს, რომ ამ პროცესის გაგრძელება უნდა, მან უნდა… დააჩქაროს პროცესები იმ ქვეყნებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რომლებსაც სურთ ევროპის ნაწილი იყვნენ.“
უკრაინის გადაწყვეტილების კომენტირებისას სახელმწიფო მინისტრმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ „ბუნებრივია, სასურველია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან რაც შეიძლება მეტმა მიიღოს გადაწყვეტილება ევროპასთან ინტეგრაციული კუთხით, მაგრამ ყველა ქვეყანას აქვს თავისი არჩევანი“.
„ჩვენ ჩვენი გზა უკვე ავირჩიეთ, ეს გზა აირჩია საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა და ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს ნება აღსრულდეს და იქცეს რეალობად. ამიტომაც, არავითარი დაბრკოლება, ვერავითარი წინაღობა ვერ შეაჩერებს საქართველოს ამ მიზნების განხორციელებისგან“, – განუცხადა პეტრიაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს 22 ნოემბერს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)