Site icon Civil.ge

კრისტიან ვიგენინი: ევროკავშირმა ‘უფრო მკაფიო პერსპექტივა’ უნდა უზრუნველყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე 25 ნოემბერს სოფიაში თავის ბულაგრელ კოლეგას კრისტიან ვიგენინს და ასევე პრეზიდენტ როსენ პლევნელიევს შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარი თემა ორმხრივი თანამშრომლობა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტი იყო.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა უფრო მკაფიო პერსპექტივა უზრუნველყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ, თუ რა არის ამ პროცესის საბოლოო მიზანი“, – განაცხადა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ „ბულგარეთი  არის ჩვენი მეგობარი  ქვეყანა, რომელიც ვილნიუსში  დააყენებს საკითხს იმის  თაობაზე, რომ ვილნიუსის  დეკლარაციაში საქართველოსთვის  ევროპული პერსპექტივა  გახდეს რეალური“.

„მომავალი  წელიწადი იქნება საკმაოდ  რთული და სწორედ ჩვენი  პარტნიორების იმედით უნდა  გადავლახოთ ის წინააღმდეგობები,  რომელიც სავარაუდოდ შეგვხვდება  მომავალ წელს. ნატო-ში ინტეგრაციის  კუთხითაც ბულგარეთი არის  ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე  მხურვალე მხარდამჭერი,  რისთვისაც ჩვენ მათი  მადლობელნი ვართ", – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიგენინი მიესალმა საქართველოს „წარმატებას“ დემოკრატიის განვითარების საქმეში და კმაყოფილება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ „საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება განაგრძობს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების კურსს“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)