პარლამენტმა 27 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო შესწორების მიღების წესი, რომლის თანახმადაც, კონსტიტუციაში ცვლილება მიღებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც პარლამენტი მას ორი მოსმენით კენჭს უყრის ერთი სესიის ფარგლებში, ხოლო მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცებს მომდევნო სესიაზე, მისი მეორე მოსმენით მიღებიდან სამი თვის თავზე.
პარლამენტის რეგლამენტში ეს ცვლილება განაპირობა ახალმა საკონსტიტუციო დებულებებმა, რომელიც 17 ნოემბერს პრეზიდენტის ინაუგურაციისთანავე შევიდა ძალაში და სადაც ასევე გათვალისწინებულია კონსტიტუციაში ცვლილებების მიღების გართულებული წესი.
კერძოდ, კონსტიტუციაში შესწორებების შესატანად საჭირო კვორუმი 2/3-დან (100 ხმიდან) გაიზარდა ¾-მდე (113 ხმამდე) და ასევე დადგინდა კენჭისყრებს შორის სამთვიანი ინტერვალის საჭიროება.
ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე ქართულ ოცნებას სურდა კენჭისყრაზე დაეყენებინა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად ხმათა ორი მესამედის (100 ხმა) შენარჩუნებას ითვალისწინებდა. თუმცა, პროექტი კენჭისყრაზე ვერ დადგა, რადგანაც ქართულ ოცნებას სულ ცოტა 2 ხმა აკლდა 100 ხმის მისაღებად.
მეორე საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიღებაც ქართულ ოცნებას კვლავ სურს და რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ეწინააღმდეგება, უკავშირდება პარლამენტის ადგილმდებარეობას, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, სამართლებრივად შესაძლებელს გახდის პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებას. ამჟამად 113 ხმაა საჭირო ამ ცვლილებების მისაღებად, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას სულ ცოტა 14 ან შესაძლოა 15 ხმა აკლდება.