პარლამენტმა 27 ნოემბერს პირველი მოსმენით მიიღო თავისუფლების ქარტიაში ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის აღმოფხვრას ისახავს მიზნად.
ინიციატივა განაპირობა სტალინის ძეგლების აღდგენის რამდენიმე შემთხვევამ, განაცხადა ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, ქართული-ოცნება რესპუბლიკელების ფრაქციის წარმომადგენელმა ლევან ბერძენიშვილმა.
სტალინის ძეგლების აღდგენის რამდენიმე შემთხვევამ, რასაც სულ ბოლოს თელავში ჰქონდა ადგილი ადგილობრივი ორგანიზაციის „სტალინის“ ინიციატივით, დასავლელი პარტნიორების კრიტიკა გამოიწვია; საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ამ შემთხვევებთან კავშირი უარყო და განაცხადა, რომ ეს ადგილობრივი თვითმმართველობების კომპეტენციაში შემავალი საკითხია, ხოლო რამდენიმე მინისტრმა დაგმო სტალინის ძეგლების აღდგენის ფაქტები.
თავისუფლების ქარტია, რომელიც საბჭოთა სიმბოლიკის აღკვეთასთან ერთად ასევე ითვალისწინებს ლუსტრაციის საკითხებსა და ანტიტერორისტული ღონისძიებების მოტივით უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას, წინა მოწვევის პარლამენტმა 2011 წლის მაისში მიიღო.
ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტროს ქოლგის ქვეშ საპარლამენტო ფრაქციათა წარმომადგენლების მონაწილეობით უნდა შექმნილიყო სპეციალური კომისია, რომელიც კანონის აღსრულებას უზრუნველყოფდა, მათ შორის ქვეყანაში საბჭოთა სიმბოლიკის აღმოფხვრის მიმართულებით, თუმცა ამგვარი კომისია დღემდე არ შექმნილა.
კანონპროექტი, რომლის თანაავტორი ლევან ბერძენიშვილთან ერთად არის ქართული ოცნების დეპუტატი თამარ კორძაია, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტულად ავალდებულებს, რომ კანონში ცვლილებების ამოქმედებიდან 2 თვის განმავლობაში უზრუნველყოს კომისიის შექმნა, რომელშიც ასევე შევლენ საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლები.
დღესდღეობით თავისუფლების ქარტია განსაზღვრავს, რომ კომისიამ „რეკომენდაციები“ უნდა გასცეს საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი სიმბოლიკების, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების აღმოფხვრის თაობაზე; ცვლილებების მიღების შემთხვევაში კი კანონში გაჩნდება ვალდებულება ამგვარი მითითების შესრულების აუცილებლობის თაობაზე, ხოლო კომისიის მიმართვის შეუსრულებლობა ან არასათანადო შესრულება გამოიწვევს თავიდან გაფრთხილებას, ხოლო მომდევნო ეტაპზე ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებას 1000 ლარის ოდენობით იმასთან ერთად, რომ კომისიის დირექტივა აუცილებლად უნდა შესრულდეს.
„სწორედ კომისია შეისწავლის ისეთი ტიპის საკითხებს, როგორიცაა სტალინის ძეგლების დადგმა და იზრუნებს იმაზე, რომ არ დაუშვას ამგვარი შემთხვევები, ასევე აღმოფხვრას ტოტალიტარული სიმბოლიკა, რომელიც დასაშვებია მხოლოდ მუზეუმებში და პროპაგანდისთვის მათი გამოყენება არ უნდა ხდებოდეს“, – განუცხადა Civil.ge-ს დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა.
მისივე თქმით, კომუნისტური მენტალიტეტის აღმოფხვრისათვის სხვა ცვლილებების ინიცირებაც იგეგმება, მათ შორის დეკომუნიზაციის პოლიტიკის ხაზის გასატარებლად სპეციალური დამოუკიდებელი ორგანოს შექმნის და ასევე საბჭოთა პერიოდში რეპრესირებულთა კომპენსაციის თაობაზე.
თავისუფლების ქარტიაში დაგეგმილ ცვლილებებში ტერმინთა კორექტირებაც ხდება და ამ დრომდე არსებული „საბჭოთა სიმბოლიკა“ იცვლება ევროპის საბჭოს მიერ რეკომენდირებული ტერმინით „ტოტალიტარული კომუნისტური სიმბოლიკა“.