ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციის ტექტსზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს და სავარაუდოდ ბოლო წუთამდე გაგრძელდება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ 27 ნოემბერს.
„ეს დეკლარაცია არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იქ შევიდეს ის ფრაზეოლოგია, ის მესიჯები, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ გაჟღერდეს. დეკლარაციაზე მუშაობა სავარაუდოდ გაგრძელდება ფაქტიურად ბოლო წუთამდე და შემდეგ, როდესაც იგი გამოქვეყნდება, შეიძლება მისი კომენტირება“, – განაცხადა ფანჯიკიძემ პრეკონფერენციაზე.
რადიო „თავისუფლება“ იტყობინებოდა 26 ნოემბერს, რომ დეკლარაციის პროექტის წინა ვერსიისგან განსხვავებით, ამჟამად ტექსტში არ არის ნახსენები ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49–ე მუხლი, რომელიც გაწევრიანების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. ინფორმაციის თანახმად, ამჟამინდელი პროექტი აღიარებს „ზოგიერთი პარტნიორის ევროპულ მისწრაფებებს და ევროპულ არჩევანს“; იგივე ფორმულირება აისახა 2011 წლის ვარშავის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში.
ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ 49–ე მუხლი არასდროს ყოფილა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებების საგანი და ხაზი გაუსვა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომლის პარაფირებასაც საქართველო და მოლდოვა 28–29 ნოემბერს ვილნიუსის სამიტზე გეგმავენ, ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების ინსტრუმენტია და არა წევრობის პირდაპირი მექანიზმი.
ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ „თუკი ვინმემ რაიმე პროექტი დეკლარაციის აჩვენა [რადიო თავისუფლების ჟურნალისტს], ეს იყო აბსოლუტურად დაუშვებელი და მითუმეტეს დაუშვებელია მასზე კომენტირება“.
„რაც შეეხება თავად 49–ე მუხლს, თუ თქვენ დააკვირდებით ნებისმიერი ჩემი გამოსვლა, რომელიც ეხება ასოცირების ხელშეკრულებას, მე ყოველთვის ვახსენებ, რომ საქართველო მოწადინებულია, მიიღოს ევროპული პერსპექტივა ისე, როგორც ეს არის აღნიშნული შეთანხმების 49–ე მუხლში. ამ სურვილის გაცხადებას არაფერი წინ არ უდგას და ჩვენ ყველა ჩვენს გამოსვლაში, ყველა ჩვენს მიწერ–მოწერაში ევროკავშირთან ამ სურვილს ვაფიქსირებთ, რათა მკაფიო გავხადოთ ჩვენი ევროპული მისწრაფება და ჩვენი სურვილი, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ როგორც გითხარით ევროკავშირის მხრიდან მსგავსი შეპირება არა გვაქვს, არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)