Site icon Civil.ge

საქართველომ ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობაზე ხელშეკრულებას ხელი მოაწერა



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონი  ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე 29 ნოემბერს ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე ჩარჩო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.

საქართველომ და ევროკავშირმა 29 ნოემბერს ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ხელი მოაწერეს ჩარჩო ხელშეკრულებას ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის თაობაზე.

ხელშეკრულებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონმა მოაწერეს ხელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ ევროკავშირისგან უკვე მიიღო მიწვევა რამდენიმე ახალ მისიაში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის აფრიკის რქის ქვეყნებში საზღვაო მისიაში EUCAP NESTOR; მალის სამხედრო ტრეინიგის მისიაში EUTM Mali; და ლიბიის საზღვრის მართვის მისიაში EUBAM Libya.

29 ნოემბერს ასევე გაიმართა ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირების ოფიციალური ცერემონია. შეთანხმება ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.

“დღეს ჩვენ ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას ვახდენთ [საქართველოსა და მოლდოვასთან]. თუმცა, მე ველი, რომ ხელშეკრულებების უმეტესობას რაც შეიძლება სწრაფად, 2014 წლის განმავლობაში მოეწერება ხელი”, – განაცხადა ევროკომისიის  პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ.

„მაგრამ, ნუ დავივიწყებთ, რომ მომდევნო თვეებსა და წლებში ჩვენ გველოდება ამ ყოვლისმომცველი შეთანხმებების დროებითი გამოყენების და შემდეგ სრული განხორციელების ამოცანა“, – დასძინა მან.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)