პრეზიდენტი მარგველაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს ხვდება თბილისში 6 დეკემბერს. ფოტო: აშშ–ის საელჩო
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა 6 დეკემბერს თბილისში ვიზიტი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრით დაიწყო.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ 2014 წელი საქართველოსთვის „რთული“ იქნება, ვინაიდან ქვეყანა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას გეგმავს მომავალ შემოდგომაზე. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა აშშ–ის მხარდაჭერას იმ „სერიოზულ გამოწვევებთან“ გამკლავებაში, რომლის წინაშეც შესაძლოა ქვეყანა დადგეს ამ შეთანხმების ხელმოწერის წინ, რომლის პარაფირებაც ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე განხორციელდა გასული თვის ბოლოს.
პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ერთად ნულანდმა მონაწილეობა მიიღო კანცელარიის შენობაში USAID-ის მიერ დაფინანსებული პანდუსის გახსნის ცერემონიაში. თბილისში ნულანდი ასევე გამართავს შეხვედრებს ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
„მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში და საკუთარი თვალით ვიხილე ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც თქვენ ბოლო წლებში მიაღწიეთ, რაც გამოიხატება არა მხოლოდ თქვენი ინფრასტრუქტურის, არამედ თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში“, – განაცხადა მან ღონისძიებაზე და კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ–ის მზადყოფნა „ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიას, უსაფრთხოებას და აყვავებას“.
ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ნულანდმა მას პრეზიდენტ ობამას მისალოცი წერილი გადასცა.
„ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს ძლიერი და განსაკუთრებული პარტნიორობა აქვთ, რომელიც ჩვენი საერთო ინტერესების ფართო სპექტრს ეფუძნება. ჩვენ ვაფასებთ, კერძოდ, საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს და თავგანწირვას ავღანეთში ჩვენი კოლექტიური ძალისხმევის მხარდასაჭერად. იმ დროს, როდესაც თქვენ ყველა პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად იმუშავებთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და ევროატლანტიკული ინტეგრაციისკენ შემდგომი პროგრესის მისაღწევად, ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში და მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – ნათქვამია გზავნილში, რომლითაც პრეზიდენტმა ობამამ ღარიბაშვილს პრემიერ–მინისტრად დანიშვნა მიულოცა.
თბილისში ჩამოსვლამდე ნულანდმა კიევში ეუთოს მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ეუთოს მინისტერიალის საბჭოს მე–20 შეხვედრაზე გამოსვლისას აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს საკითხსაც შეეხო კონფლიქტების კონტექტსში და განაცხადა, რომ „სიტუაცია გაუარესდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე" რუსი სამხედროების მიერ ღობეების აღმართვის შედეგად.
თბილისის შემდეგ ვიქტორია ნულანდი 8–10 დეკემბერს მოსკოვს ეწვევა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)