Site icon Civil.ge

ევროკავშირი–საქართველოს თანამშრომლობის საბჭო

ევროკავშირის პარტნიორობა საქართველოსთან „ძლიერია“ და ქვეყანა ნამდვილად იმსახურებს ადგილს აღმოსავლეთ პარტნიორობის ავანგარდში, განაცხადა 12 დეკემბერს ბრიუსელში ევროკავშირი–საქართველოს თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრის შემდეგ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის თავმჯდომარეა.

თანამშრომლობის საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ხელმძღვანელობდა.

შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრისას ლინკევიჩიუსმა განაცხადა, რომ შარშანდელი ანალოგიური შეხვედრის შემდეგ „სტაბილური და მნიშვნელოვანი“ პროგრესია სახეზე.

მისი თქმით, ევროკავშირმა და საქართველომ „მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერების მიმართულებით“ ნოემბერში ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, როდესაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება მოახდინა.

მისი თქმით, დროის ძალიან მოკლე პერიოდში საქართველომ „ძალიან კარგ პროგრესს“ მიაღწია ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხითაც.

აღნიშნა რა 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, ლინკევიჩიუსმა განაცხადა, რომ ახლა ევროკავშირი მოუთმენლად ელის მომავალ წელს საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს, „როგორც ახალ შესაძლებლობას მისასალმებელი ტენდენციის დასადასტურებლად“. 

ლინკევიჩიუსმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, რომ კვლავაც მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმოს პოლიტიკური პლურალიზმის და მედიის თავისუფლების დაცვას.

მან განაცხადა, რომ ევროკავშირმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება  „მტკიცებულებაზე დაფუძნებული“ და გამჭირვალე სისხლის სამართლებრივი პროცედურების არსებობის საჭიროებაზე, რომელიც თავისუფალი იქნება პოლიტიკური მოტივაციისგან და დასძინა, რომ ევროკავშირი განაგრძობს საქართველოში ამ კუთხით არსებული სიტუაციის მონიტორინგს.

„ევროკავშირმა განაცხადა, რომ უმცირესობების უფლებების ძლიერი დაცვა პრიორიტეტს წარმოადგენს, რომელიც მუდმივი ყურადღების საგანი უნდა იყოს“, – განაცხადა ლინკევიჩიუსმა.

„წინ დატვირთული წელი გველის, გამოწვევებით სავსე, მაგრამ ჩვენ მათ ერთად შევხვდებით – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ნამდვილად იმსახურებს თავის ადგილს აღმოსავლეთ პარტნიორობის ავანგარდში“, – განაცხადა ლინკევიჩიუსმა.

როდესაც მას რუსეთის მხრიდან მეზობელ ქვეყნებზე „ზეწოლის“ შესახებ ჰკითხეს, ლინკევიჩიუსმა, რომელიც პრესკონფერენციის შემდეგ კიევში გაემგზავრა, განაცხადა, რომ ეს „მიუღებელია“.

„მიგვაჩნია, რომ ჩვენი პარტნიორების უფლებას, რომ თავად აირჩიონ საკუთარი გზა, არა მხოლოდ პატივისცემა, არამედ ზოგჯერ დაცვაც სჭირდება“, – განაცხადა მან.

კითხვაზე, თუ რომელია ის ძირითადი გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველო დგას ევროკავშირში ასოცირების გზაზე, ლინკევიჩიუსმა უპასუხა: „ძალიან მნიშვნელოვანია იმაზე ფოკუსირება, თუ როგორ გავუმკლავდეთ ამ ზეწოლას; ეს არის ასევე ეფექტური მმართველობა; ასევე იმის შესრულება, რაზეც ჩვენ შევთანხმდით – ხელმოწერისთვის მომზადება; ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო, მაგრამ ბევრი დრო არა; ასე რომ, ჩვენ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ და მზად ვიყოთ, რომ მომავალი წლის შემოდგომისთვის მაინც მოვაწეროთ ხელი ასოცირების შესახებ შეთანხმებას“.

„ეფექტური, ქმედითი მუშაობით ჩვენ შევძლებთ ნებისმიერ ზეწოლასთან და ყველა იმ გამოწვევასთან გამკლავებას, რომლებიც შესაძლოა წინ გველოდებოდეს და დიდ საიდუმლოებას არ წარმოადგენს, რომ ჩვენ არ უნდა ველოდოთ ადვილ ცხოვრებას, მაგრამ არც არავის მოუცია იმის დაპირება, რომ  ეს ადვილი იქნება და მოდით, ნუ ვიწუწუნებთ“, – დასძინა მან.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი გზავნილი ევროკავშირის მიმართ არის ის, რომ „საქართველო შეუქცევადად მიყვება ევროპული ინტეგრაციის კურსს“.

„იმავდროულად, ევროკავშირის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მომდევნო წელს, როდესაც ჩვენ ერთობლივი ძალისხმევის მობილიზება უნდა მოვახდინოთ და [2014 წლის] სექტემბრისთვის ხელი მოვაწეროთ ასოცირების შესახებ შეთანხმებას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და განხორციელების ფაზისთვის მოვემზადოთ“, – განაცხადა მან.

12 დეკემბერს ფანჯიკიძემ და ლინკევიჩიუსმა ხელი მოაწერეს ევროკავშირის პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ოქმს.

„აქამდე ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილე ქვეყნებისთვის ამდენი პროგრამა არასდროს შეგვითავაზებია“, – განაცხადა ლინკევიჩიუსმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)