Site icon Civil.ge

შსს: 2013 წელს საქართველოში უცხოელ მოქალაქეთა 5.36 მილიონი ვიზიტი განხორციელდა



ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს 2006 წლიდან საქართველოში შემოსულთა რაოდენობას და პროცენტულ მაჩვენებლებს. აღნიშნული წარმოადგენს საზღვრის კვეთის სტატისტიკას და არ შეიცავს ცნობებს ვიზიტების მიზნებზე. წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში უცხოელი მოქალაქეების ვიზიტები 2013 წელს წინა წელთან შედარებით 21.16%–ით გაიზარდა და 5 365 356 შეადგინა. 

ეს სტატისტიკა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა შესახებ გასული წლის შემაჯამებელ მონაცემებს ეფუძნება.

ამ მონაცემებში, საქართველოში შემოსული პირები, რომლებიც ქვეყანაში 24 საათზე მეტხანს რჩებიან, „ტურისტებად“ კლასიფიცირდებიან.

2013 წელს დარეგისტრირებული 5. 36 მილიონი ვიზიტიდან, 2 მილიონზე ოდნავ მეტი „ტურისტული“ იყო, რაც 16.3%–იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით, სტატისტიკური მონაცემების თანახმად.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში უცხოელი მოქალაქეების ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა; ტურისტების წილიც იზრდებოდა, თუმცა მისი ზრდის ტემპი საერთო ვიზიტების რაოდენობას ჩამორჩებოდა, რამაც მისი წილის კლება გამოიწვია. 2010 წელს ტურისტების წილმა მთლიან ვიზიტებში 52.5% შეადგინა; 2011 წელს ამ მაჩვენებელმა 46.7% შეადგინა; 2012 წელს 40.4%–მდე, ხოლო 2013 წელს 38.8%–მდე შემცირდა.  

2013 წელს განხორციელებული ვიზიტების საერთო რაოდენობაში ყველაზე დიდი წილი საქართველოს მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეებზე მოდის. ამ მხრივ წამყვანი პოზიცია უკავიათ თურქეთის მოქალაქეებს 1.59 მილიონი შემოსვლით (3.8%–იანი ზრდა წინა წელთან შედარებით); შემდეგ მოდიან სომხეთის მოქალაქეები 1.28 მილიონი შემოსვლით (39.4%–იანი ზრდა წინა წელთან შედარებით); აზერბაიჯანის მოქალაქეები – 1.07 მილიონი (15%–იანი ზრდა წინა წელთან შედარებით); რუსეთის მოქალაქეები – 765 458 (49%–იანი ზრდა წინა წელთან შედარებით).

2013 წელს უკრაინის მოქალაქეების საქართველოში ვიზიტების რაოდენობა 64.8%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 126 300 შეადგინა.

შარშან ირანის მოქალაქეების ვიზიტების რაოდენობაში 12.3%–იანი კლება დაფიქსირდა და ვიზიტორთა რაოდენობამ 78 633 შეადგინა.  საქართველომ 2013 წლის 1 ივლისიდან ცალმხრივად გააუქმა უვიზო რეჟიმი ირანის მოქალაქეებისთვის. უვიზო რეჟიმი ირანთან 2011 წლის იანვრიდან მოქმედებდა, რასაც შედეგად მოყვა ირანის მოქალაქეების საქართველოში ვიზიტების რაოდენობის ზრდა 2010 წელს დაფიქსირებული დაახლოებით 21 000 მოქალაქიდან 60 000–მდე 2011 წელს და 89 700–მდე 2012 წელს.

საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეების ვიზიტების რაოდენობა 21.9%–ით გაიზარდა 2012 წელთან შედარებით და 2013 წელს 206 999 შეადგინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)