Site icon Civil.ge

საქართველოს პრეზიდენტი თურქეთს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 20 იანვარს ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება.

ანკარაში პრეზიდენტი მარგველაშვილი შეხვედრებს გამართავს თავის თურქ კოლეგასთან აბდულა გიულისთან, პრემიერ-მინისტრთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარესთან ჯემილ ჩიჩეკთან. 

ეს მარგველაშვილის მეორე უცხოური ვიზიტია პრეზიდენტის რანგში. პირველი ვიზიტი მან ვილნიუსში განახორციელა ნოემბერში, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს დაესწრო.

ანკარაში პრეზიდენტის თანმხლები დელეგაციის შემადგენლობაში არიან მისი ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე, საგარეო ურთიერთობათა მდივანი ივანე მაჭავარიანი, ასევე უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და მისი პირველი მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძე.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მარგველაშვილი თურქეთში მცხოვრებ ქართველებსაც  შეხვდება, ხოლო ვიზიტის დასასრულს იგი ტაო-კლარჯეთს მოინახულებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)