Site icon Civil.ge

მმართველი კოალიცია ქალაქის მერების 40%-იანი ბარიერით არჩევას სთავაზობს

კოალიცია ქართული ოცნება 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე თვითმმართველი ქალაქების მერების 40%-ით არჩევის, ხოლო გამგებლების დაახლოებით 33%-იანი ბარიერით პირდაპირი წესით არჩევას სთავაზობს.

ამ დრომდე ქალაქის მერი პირდაპირი წესით მხოლოდ დედაქალაქში აირჩევა 30%-იანი ბარიერით, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტის თანახმად, რომელიც პარლამენტმა მეორე და მესამე მოსმენით უნდა მიიღოს, პირდაპირი წესით არჩევითი ხდება დაგეგმილი 12-ვე თვითმმართველი ქალაქის მერი და ასევე მუნიციპალიტეტების გამგებლები.

პირდაპირი არჩევის წესის შემოღებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 16 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე „უპრეცედენტო წინ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა.

სწორედ მან გააკეთა პირველმა განცხადება ასევე მერებისა და გამგებლების არჩევის წესთან დაკავშირებით, რაზეც საარჩევნო საკითხებზე მომუშავე პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფში მიმდინარეობს მსჯელობა.  

„ჩვენ საუბარი გვაქვს ბარიერის გაზრდაზე, მომატებაზე. ჩვენ გვსურს ქალაქის მერები ავირჩიოთ 40%-იანი ბარიერით  – 2/5-ით, რაც ჯამში 40% შეადგენს, ხოლო რაიონებში [გამგებლები] დაახლოებით 1/3-ით, ეს იქნება 33%“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს როგორ პარლამენტის შიგნით, ისე მის გარეთ არსებულ პარტიებთან.

მან ასევე განაცხადა, რომ კონსულტაციები შედგა ცესკოსთან, რომელმაც, მისი თქმით, გამოთქვა მზაობა ამ ცვლილებების მიხედვით ადგილობრივი არჩევნების ჩატარების თაობაზე.

როგორც ჩანს საარჩევნო ბარიერის თემა ერთ-ერთი მთავარ საკითხად იქცევა თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის შემუშავების ფარგლებში ისევე, როგორც ეს თემა წარმოადგენდა უთანხმოების ერთ-ერთ მთავარ წყაროს 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ.

მაშინ ოპოზიცია თბილისის მერის ასარჩევად 50%-იანი ბარიერის დაწესებას დაჟინებით ითხოვდა და იმაზეც თანახმა იყო, რომ ბარიერი 45%-მდე დაწეულიყო, მაშინდელი საპარლამენტო ოპოზიცია ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა კომპრომისულ წინადადებად 33%-იანი ბარიერის შემოღებასაც აყენებდა, თუმცა მაშინდელმა მმართველმა პარტიამ, ნაციონალური მოძრაობამ უარყო ყველა ეს შემოთავაზება და მხოლოდ 30%-იანი ბარიერის შემოღებას დათანხმდა.

დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან დავით საყვარელიძემ ამჟამად ხელისუფლებაში მყოფ მაშინდელ ოპოზიციურ პარტიებს 50%-იანი ბარიერის თაობაზე მათი ძველი პოზიცია შეახსენა და განაცხადა, რომ 40%-იანი ბარიერის შემოთავაზებით ქართულ ოცნებას სურს „ხელოვნურად დაეხმაროს“ თბილისის მერობის თავის „სუსტ“ კანდიდატს, ინფრასტრუქტურის მინისტრს დავით ნარმანიას, რათა მან  გაიმარჯვოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

უწოდა რა ამ განცხადებას „აბსურდული",  ნარმანიამ 17 იანვარს განაცხადა, რომ ხელისუფლება „კონკრეტულ პერსონებს არ არგებს კანონმდებლობას“. მისივე თქმით, პირადად მას ეს არ სჭირდება, რადგან „გაცილებით უფრო მეტი იქნება ჩვენი რეიტინგი და პოლიტიკური დივიდენდები“, ვიდრე შემოთავაზებული 40%-ია.

არასაპარლამენტო პარტიებმა ასევე შეახსენეს კოალიცია ქართულ ოცნებას 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ არსებული პერიპეტიები, როცა მაშინდელი ოპოზიცია მერის მაღალი ლეგიტიმურობით ასარჩევად 50%-იანი ბარიერის შემოღებას ითხოვდა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)