Site icon Civil.ge

პრემიერ–მინისტრი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც ის 22–25 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილი „რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან“ პირისპირ შეხვედრას გამართავს, მათ შორის არიან შვეიცარიის პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი დიდიე ბურკჰალტერი და ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი. პრემიერ–მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები მსოფლიოში წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან: Lafarge; Agility Logistics; AGCO; Lazard; Tata Sons; Emaar Properties; Jumeirah Group; Blackstone Group, ასევე დაგეგმილია შეხვედრა მილიარდელ ჯორჯ სოროსთან, რომელიც საქართველოს 2012 წლის დეკემბერში სტუმრობდა

პრემიერ-მინისტრთან ერთად საქართველოს დელეგაციაში იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი.

დავოსის შემდეგ, ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ისრაელში გაემგზავრება, სადაც, მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, ის ხელს მოაწერს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას.

ისრაელის შემდეგ, ღარიბაშვილი მიუნხენს ეწვევა, სადაც 31 იანვრიდან 2 თებერვლამდე უსაფრთხოების 50-ე კონფერენციას დაესწრება. 3–5 თებერვალს იგი ბრიუსელს ეწვევა, სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრები ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)