საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მიესალმება მთავრობის გადაწყვეტილებას კიდევ ოთხი რელიგიური კონფესიის დაფინანსების თაობაზე, როგორც „სამართლიანობის აღდგენის გამოხატულებას“.
„მთავრობის დადგენილებას ,,საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე, საქართველოს საპატრიარქო დადებით მოვლენად მიიჩნევს“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
„საბჭოთა რეჟიმმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა სხვა რელიგიებიც დააზარალა და მთავრობის ეს ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენის გამოხატულებაა“, – აცხადებს საპატრიარქო.
საქართველოს მთავრობამ 27 იანვარს მიიღო დადგენილება ოთხი რელიგიური გაერთიანების – სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, მუსლიმთა რელიგიური გაერთიანების, კათოლიკური ეკლესიის და იუდეური გაერთიანების სახელმწიფო დაფინანსების თაობაზე.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვეტილების მოტივად დაასახელა ამ რელიგიური გაერთიანებებისთვის „კომპენსაციის“ გაცემა იმ „დევნის“ გამო, რომელიც მათ საბჭოთა პერიოდში განიცადეს. დაფინანსების საერთო მოცულობა დაახლოებით 4.5 მლნ ლარს შეადგენს.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც სახელმწიფოსთან 2002 წელს დადებული საკონსტიტუციო შეთანხმებით სპეციალური სტატუსით და მნიშვნელოვანი პრივილეგიებით სარგებლობს, ერთადერთი რელიგიური გაერთიანებაა ქვეყანაში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებს. 2014 წლის ბიუჯეტში საპატრიარქოს დაფინანსება 25 მილიონ ლარს შეადგენს.
This post is also available in: Русский (რუსული)