Site icon Civil.ge

საია პოლიციაში დაკავებულთა ცუდი მოპყრობის სავარაუდო ფაქტების სათანადო გამოძიებისკენ მოუწოდებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) სამართალდამცავი სტრუქტურები იმაში დაადანაშაულა, რომ მათ ვერ შეძლეს პოლიციის მხრიდან დაკავებულთა ცუდი მოპყრობის ფაქტების სათანადოდ გამოძიება.

საიამ განაცხადა, რომ მას ბოლო თვეებში რამდენიმე ადამიანმა მიმართა, რომელთა თქმითაც, ისინი პოლიციელებმა სცემეს თბილისსა და რუსთავში და ერთ შემთხვევაში „აწამეს“. 

„სამწუხაროდ, ჩვენთვის ცნობილ თითქმის ყველა მსგავს შემთხვევაში გამოძიება ან საერთოდ არ დაიწყო, ან დაიწყო, მაგრამ ადეკვატურად და ეფექტურად არ წარიმართა. ცხადია, ამგვარი დამოკიდებულება ქმნის მსგავსი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების რაოდენობის გაზრდის მაღალ რისკს“, – განაცხადა საიამ.

საია ექვსი დამოუკიდებელი შემთხვევის შესახებ იტყობინება, რომელსაც 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის იანვრამდე პერიოდში ჰქონდა ადგილი და რომლის დროსაც ექვს ადამიანს დაკავების დროს პოლიციელები არასათანადოდ მოექცნენ.

საიას ინფორმაციით, სამი შემთხვევის დროს ფიზიკური ძალადობის კვალს  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაკავებულთა შეყვანისას ექიმის მიერ  დაფიქსირებული დაზიანებები ადასტურებს, ხოლო ერთ შემთხვევაში სხეულზე არსებულ ფიზიკური ძალადობის კვალს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა, რომ საიას მიერ ხსენებულ საქმეებს გენერალური ინსპექცია იძიებს. „ასევე მე მაქვს ინფორმაცია, რომ რიგ შემთხვევაში პროკურატურაშიც დაიწყო გამოძიება“, – დასძინა მან.

მისი თქმით, თუ გარკვეულ სამართალდარღვევებს ჰქონდა ან ექნება მომავალში ადგილი, ამაზე დაუყოვნებლივ ხდება რეაგირება. „ამიტომ წინასწარ რაღაც განცხადებების გაკეთება და დადანაშაულება სისტემისა, რომ ასეთ დარღვევებს ადგილი აქვს, მოვუწოდებდი ყველა არასამათავრობო ორგანიზაციას, მათ შორის კერძო პირსაც, რომ თავი შეიკავონ და ამ შემთხვევაში როგორც გენერალური ინსპექცია, ისე პროკურატურა თავის დასკვნებს გვამცნობს და შესაბამისად დასასჯელიც დაისჯება“, – განაცხადა იზორიამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)