საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 3-5 თებერვალს ბრიუსელს სტუმრობს, სადაც გამართავს მოლაპარაკებებს ევროკავშირისა და ნატოს ოფიციალურ პირებთან.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუის; ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს; ევროპის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარს შტეფან ფულეს; ევროკომისარს საშინაო საქმეთა საკითხებში სესილია მალმსტრომს და ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერს შეხვდება.
პრემიერ ღარიბაშვილის შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონთან 5 თებერვალს იგეგმება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრება და ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება.
ღარიბაშვილმა, რომელიც ბრიუსელში გამგზავრებამდე მიუნხენს სტუმრობდა, განაცხადა, რომ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში „მე ველოდები რეალურ ნაბიჯებს, რეალურ მინიშნებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დაჩქარებულად წავა ეს პროცესი, რასაც ჰქვია ევროინტეგრაცია და ნატოში ინტეგრაცია საქართველოსი“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)