Site icon Civil.ge

ფანჯიკიძე გავრცელებულ ინფორმაციაზე თიბილოვის სოჭში მიწვევასთან დაკავშირებით

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერის ლეონიდ თიბილოვის სოჭის ოლიმპიადაზე ოფიციალური მიწვევის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა  „შესაბამის გადაწყვეტილებას“ მიიღებს.

3 თებერვალს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მედია-საშუალებებით გავრცელდა ცნობა, რომ პუტინმა თიბილოვი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე მიწვევასთან ერთად, ასევე დაპატიჟა სოჭში მისი სახელით დაგეგმილ სპეციალურ მიღებაზე.

„ეს არის ინფორმაცია, რომელიც ჯერ-ჯერობით ვრცელდება მედიის მიერ. ჩვენ ოფიციალურად გვინდა ამ ინფორმაციის გადამოწმება, ამაზე მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტრო სწორედ ახლა ამ წუთებში. ოფიციალური ინფორმაციის მიღების შემდეგ ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განუცხადა ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში 4 თებერვალს, რომელიც ვიზიტში თან ახლავს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს. 

ჟურნალისტების კითხვაზე თუ რა კომენტარს გააკეთებდა თიბილოვის შესაძლო მიწვევასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა უპასუხა: "არასწორი ინფორმაცია გაქვთ. მე რაც მოვისმინე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა თუ აპირებენ? [შეეკითხა იქვე მის ხელქვეითებს და განაგრძო] განმარტება გააკეთეს, რომ არ აპირებენ ოფიციალურად მიიწვიონ. არ ვიცი. დაველოდოთ. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არ უნდა ვიჩქაროთ ჩვენ". 

"როგორც განვითარდება, ჩვენ ადეკვატურები ვიქნებით, სიტუაციისდა მიხედვით ვიმოქმედებთ", – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

საქართველოს მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ დაესწრება სოჭის ოლიმპიურ თამაშებს. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ნაწილი, მათ შორის საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, სოჭში 4 თებერვალს გაემგზავრა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)