Site icon Civil.ge

ზურაბ აბაშიძის თქმით, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერი არ არის მიწვეული სოჭის ოლიმპიადაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ოფიციალურად მიიწვიეს.

„გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელმძღვანელი მიწვეულია ოფიციალურად სოჭის ოლიმპიადაზე“, – განუცხადა აბაშიძემ ჟურნალისტებს 5 თებერვალს, „ჩვენ, რა თქმა უნდა, გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ისევე როგორც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ სოჭში მიწვეულნი არიან ოფიციალურად მხოლოდ იმ ქვეყნების სპორტსმენები და წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობენ ოლიმპიურ თამაშებში“.

„როგორც კერძო პირებს, ნებისმიერს შეუძლია ჩასვლა ან სოჭში ან ნებისმიერ სხვა ქალაქში“, – დასძინა მან.

„ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ჩვენ გუნდს სოჭში დახვდება ამ განცხადებებისგან განსხვავებული რეალობა, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ მივიღოთ ადეკვატური გადაწყვტილება ჩვენი ოლიმპიელებისა და ქვეყნის ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა აბაშიძემ.

მან სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ „არალეგიტიმური რეჟიმის პრესსამსახურის სრულიად უცნობი ხელმძღვანელის“ მიერ გავრცელებული ცნობა თიბილოვის მიწვევასთან დაკავშირებით „ძალიან სწრაფად აიტაცა ჩვენმა პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენელთა ერთმა ჯგუფმა“.

საქართველოს მთავრობის არცერთი წარმომადგენელი არ დაესწრება სოჭის ოლიმპიურ თამაშებს. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოთხი სპორტსმენი წარმოადგენს: სამი სამთო მოთხილამურე – ნინო წიკლაური; იასონ აბრამიშვილი; ალექსი ბენიაიძე; და მოციგურავე ელენე გედევანიშვილი, რომელიც ასპარეზობდა როგორც 2006 წლის, ისე 2010 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.

ქართველი ოლიმპიელებისადმი წერილობით მიმართვაში, რომელიც 5 თებერვალს გავრცელდა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა ჩვენში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს, რადგან ოლიმპიადა ტარდება საქართველო-რუსეთის საზღვართან, ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს“.

„მეტად რთული იყო გადაწყვეტილების მიღება ამ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესახებ; მაგრამ ჩვენ გავითვალისწინეთ სხვადასხვა ფაქტორი და ეს გადაწყვეტილება ქართული სპორტისა და ჩვენი სპორტსმენების, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების სასარგებლოდ მივიღეთ“, – ნათქვამია მიმართვაში, „საქართველოს მეგობრები იზიარებენ ჩვენს პოზიციას. დაუშვებელია სპორტის პოლიტიზება. სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობით საქართველო დგამს კეთილი ნების ნაბიჯს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ზოგადად ოლიმპიური მოძრაობის მიმართ“.