Site icon Civil.ge

ევროპის საბჭო საქართველოსთვის 17 მლნ ევროს ღირებულების სამოქმედო გეგმის განხორციელებას იწყებს

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი საქართველოში ევროპის საბჭოს ორწლიანი სამოქმედო გეგმის განხორციელების დაწყების მიზნით 6 თებერვალს თბილისს სტუმრობს.

სამოქმედო გეგმა, რომლის მთლიანი ბიუჯეტიც 17 მილიონ ევროს შეადგენს და რომელიც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა შარშან ოქტომბერში მიიღო, 34 პროექტს მოიცავს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ადამიანის უფლებები; სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა; პენიტენციალური სისტემა და პოლიციის რეფორმა; კარგი მმართველობა; არჩევნები; მედიის და გამოხატვის თავისუფლება; ადგილობრივი დემოკრატია; ნდობის აღდგენის მექანიზმები; შემწყნარებლობა და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა.

ამ პროექტებს ევროპის საბჭო საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტთან, სასამართლო ხელისუფლებასთან, სახალხო დამცველის ოფისთან და ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით განახორციელებს

ევროპის საბჭომ განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმა წარმოადგენს „თანამშრომლობის ყოვლისმომცველ და თანმიმდევრულ პაკეტს, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული კანონმდებლობის, ინსტიტუტების და პრაქტიკის ევროპის საბჭოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას“.

„ქვეყანამ სერიოზული ძალისხმევა განახორციელა, რათა ევროპის საბჭოს სტანდარტები ეროვნული კანონმდებლობის ბევრ სფეროში გადაეტანა. მან მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა და მზად არის განაგრძოს რეფორმები. სამოქმედო გეგმა სწორედ იმისთვის არის განკუთვნილი, რომ ეს ნება რეალობაში გადაიზარდოს“, – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა.

თბილისში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს შეხვდა; ასევე დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებთან.

თბილისიდან ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი სოჭში გაემგზავრება, სადაც ის 7 თებერვალს სპორტის მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას დაესწრება ზამთრის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)