პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი კვირას არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა და ადგილობრივი არჩევნების წინ საარჩევნო სისტემის რეფორმა განიხილა.
შეხვედრის შემდეგ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ზოგიერთმა ლიდერმა, რომლებიც აცხადებენ, რომ ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებული ცვლილებები რეალურად არ ცვლის საარჩევნო სისტემას, აღნიშნეს, რომ ზოგიერთ საკითხზე მაინც შესაძლოა მიღწეულ იქნას შეთანხმება.
„დავინახე ამ შეხვედრაზე სურვილი პარლამენტის თავმჯდომარის, რომ გარკვეული კომპრომისები მიღწეულ იქნას“, – განაცხადა დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ და დასძინა, რომ მომდევნო შეხვედრა ერთ კვირაში გაიმართება ქართული ოცნების საბოლოო პოზიციის მოსასმენად იმ პრეტენზიებზე, რომლებიც არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს ჯერ კიდევ გააჩნიათ.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამისთვის რეგიონალურ სატელევიზიო არხებზე უფასო საეთერო დროის გამოყოფაზე, ასევე სახელმწიფო დაფინანსების უზრუნველყოფაზე იმ პარტიებისთვის, რომლებიც გარკვეულ ბარიერს გადალახავენ არჩევნებზე.
„დღევანდელი შეხვედრის შემდეგ უკმაყოფილებათა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა“, – განაცხადა უსუფაშვილმა, „დარწმუნებული ვარ, რომ ის ვერსია ცვლილებების, რომელიც პარლამენტშია შესული, უკეთესობისკენ გაუმჯობესდება რამდენიმე საკითხში“.
საარჩევნო სისტემის ერთ–ერთი ყველაზე სადავო საკითხია ბარიერი 12 თვითმმართველ ქალაქში მერების და ქვეყნის მასშტაბით არსებულ ათობით მუნიციპალიტეტში გამგებლების ასარჩევად. ქართული ოცნების ინიციატივა ითვალისწინებს თორმეტი მერის 40%-იანი ბარიერით, ხოლო გამგებლების 33%-იანი ბარიერით არჩევის წესს. ამჟამად, თბილისის მერის ასარჩევად, რომელიც ადგილობრივ დონეზე ერთადერთი არჩევითი აღმასრულებელი თანამდებობაა, 30%-იანი ბარიერია დაწესებული.
არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები, ასევე ზოგიერთი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაცია 50%–იანი ბარიერის შემოღებას ითხოვენ. ისინი ასევე მოუწოდებენ, რომ შეიცვალოს არსებული ერთმანდატიანი ოლქები საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემით, სადაც ამომრჩეველს აქვს იმდენი ხმა, რამდენი მანდატიც არის ოლქში გასანაწილებელი. საარჩევნო ოლქებში მანდატების რაოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმად კი ამომრჩეველთა რაოდენობა დგინდება, რათა დაცული იქნეს ხმის წონის თანაბრობის პრინციპი.
დაგეგმილი ცვლილებებით, საკრებულოს პროპორციული სისტემისთვის ერთიანი 4%-იანი ბარიერია შემოთავაზებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პარტიები მუნიციპალიტეტის საზღვრებში მიიღებენ ხმების სულ ცოტა 4%-ს, ისინი მოიპოვებენ პროპორციულ მანდატებს საკრებულოებში. მოქმედი კანონმდებლობით, ეს ბარიერი 4%-ს შეადგენს თბილისში, ხოლო ყველა დანარჩენ მუნიციპალიტეტში 5%-ია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)